„სტუდენტური დღეები 2016“

წელს „სტუდენტური დღეები“ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ამის შესახებ ,,თაიმერს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი, „სტუდენტური დღეები 2016“ დაიწყო. სტუდენტური დღეების გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი ვაკის პარკში გაიმართა, რომელსაც რამდენიმე ათასი სტუდენტი ესწრებოდა. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან შეკრებილებს „სტუდენტური დღეების“ დაწყება მიულოცა:
„მეგობრებო, ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეა. სწორედ ამიტომ, „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიეძღვნება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.
რომ არა ახალგაზრდები და მათი სულისკვეთება, დღეს შეიძლება ქვეყანაში სულ სხვა რეალობა გვქონოდა. სწორედ სტუდენტების, ახალგაზრდების ერთობლივი ძალისხმევით, პატრიოტული შემართებით მივაღწიეთ საერთო მიზანს. დღეს, როცა ასე ერთიანებს, მიზანდასახულებს და გახარებულებს გხედავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.
გილოცავთ ყველას „სტუდენტური დღეები-2016“-ის გახსნას, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას“.
წელს სტუდენტურ დღეებში 46 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.
„სტუდენტური დღეები-2016“ ზუსტად ერთ თვეში, 17 ივნისს გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.
სტუდენტური დღეების მიზნები და ამოცანები:
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
• სტუდენტების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება;
• რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება;
• თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა – წახალისება;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას
2016 წელს სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს.

banner
წინა სტატიაში,, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შოუს დადგმა სჭირდებოდათ”
შემდეგი სტატია,,მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში”