სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა ხვალ დაიწყება

8 მარტს ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს საქართველოს მთავრობის საჩივარს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ვინაიდან, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, ქვეყნის მთავრობის საჩივარი განხილვაში მიიღო, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში არ შევიდა. სასამართლოს დიდი პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით ხვალინდელ ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს.

14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას თავიდან დაიწყოს საქმის განხილვა მხარის საჩივრის საფუძველზე. მაგალითისთვის, 1998 წლიდან (დღიდან ერთიანი სასამართლოს დაარსებისა) მხარეთა მოთხოვნით დიდ პალატაში 2781 საქმე გასაჩივრდა. დიდმა პალატამ განხილვაში მიიღო მხოლოდ 160 საქმე, საიდანაც მთავრობის საჩივარი მხოლოდ 2 პროცენტია.

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, პირველად დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

მანამდე მიღებულ ყველა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო, როდესაც არ დაადგენდა კონვენციის მე-5.1. მუხლის დარღვევას (ანუ, როდესაც წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჩაითვლებოდა), ავტომატურად მე-18 მუხლის დარღვევასაც დაუდგენლად მიიჩნევდა, ან საერთოდ აღარ განიხილავდა ხოლმე საქმეს მე-18 მუხლის ჭრილში.

უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც არ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ იქნა მიჩნეული. იუსტიციის სამინისტრო აპელირებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტის თანახმად, მე-18 მუხლის დარღვევის მტკიცების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოტივის არსებობა უნდა იყოს აბსოლუტურად ცხადი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რაც მერაბიშვილის საქმეზე მხოლოდ მისივე სათუო და ზედაპირული განცხადებებით იყო გამყარებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ თავად სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, ხოლო სახეზე არ იყო 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის აშკარა მტკიცებულება ან უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს, რომელიც გარემოებების განხილვას 8 მარტს თავიდან შეუდგება.

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლო დატოვა – ადვოკატი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს
შემდეგი სტატიავიმედოვნებთ, რომ, როგორც დღემდე იდგა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსთავი2-ის გვერდით, ასე გაგრძელდება მომავალშიც – ზაალ უდუმაშვილი