სტამბოლის ღამის კლუბის “რეინას” მფლობელმა განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა ის მოსალოდნელ ტერაქტზე გააფრთხილა. მან თქვა, რომ ინფორმაციის მიღებიდან 7-9 დღის მანძილზე უსაფრთხოების გაზრდილი ზომები იყო მიღებული. “და მერე რა? მერე არაფერი, მაინც მოხდა ტერაქტი” – თქვა მეპატრონემ.
სტამბოლში საახალწლოდ მომხდარი ტერაქტის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვა იყო – ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა განაცხადა.
“ჩვენ გვესმის, რომ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება” – ერდოღანმა თქვა.
წუხელ, სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წინასწარი მონაცემებით, ორი ან სამი თავდამსხმელი იყო, რომლებიც მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.