სოსო ჯაჭვლიანი – რაგბის ფედერაციის საქმეებში ვერავინ ჩაერევა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ვინმეს ჩარევის სურვილი ქონდეს, თუმცა მისივე თქმით, ფედერაციის საქმეებში ვერავინ ჩაერევა.
როგორც ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციას კომიტეტი ჰყავს და არჩევნებს ის ჩაატარებს.
“ფედერაციის საქმეებში ვერავინ ჩაერევა. ფედერაციას თავისი კომიტეტი ჰყავს, ჩაატარებენ არჩევნებს და აირჩევენ იმას, ვისაც კომიტეტი მოიწონებს. მე რომ მყავს ფავორიტი, ეს მე ვიცი. ვერ ჩავერევი მათ საკითხში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაჭვლიანმა.
კითხვაზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს მომხდარა თუ არა ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა, ჯაჭვლიანი პასუხობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
“ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო – ჭიდაობის ფედერაციაში როდესაც იყო არჩევნები, თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარიყო, როგორ ჩატარდებოდა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა, ამ დროს ლუკა კურტანიძე იყო ჩვენი გუნდის წარმომადგენელი”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ზოგიერთი თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა. რაგბის კავშირის გამგეობის შეფასებით, ჩარევა ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაში“1 იანვრიდან საწარმოებისათვის საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება”
შემდეგი სტატია“საია” საყდრისის საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს