სოფელ ლამბალოში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩატარდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 16, 2018 22:04

სოფელ ლამბალოში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩატარდა

საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის და გულნარა რასულზადე-კვანჭახაძის სახელობის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის განვითარების ფონდის ინიციატივით და ფარმაცევტული კომპანია „ევროფარმის“ მხარდაჭერით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა. თბილისის სხვადასხვა კლინიკის კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა საერთო ჯამში 70 ადამიანის ჯანმრთელობა შეამოწმა. მომსახურებაში შედიოდა: ფარისებრი და და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ენდოკრინული დაავადებების პრევენცია, ელექტროკარდიოგრამა, ქრონიკული და ინფექციური დაავადებების გამოვლენა, ასევე კარდიოლოგის და პედიატრის მომსახურება.
როგორც საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ გული მუსტაფაევამ განაცხადა: „საქართველოში, განსაკუთრებით სოფლად, მოსახლეობას პრობლემები ექმნება სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სოფელი ლამბალო, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გამონაკლისი არ არის. განვითარების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონე, სამედიცინო სერვისების ნაკლებობა, ანტისანიტარია, არასრულფასოვანი კვება…ყველაფერი ეს ხელს უწყობს სხვადასხვა, მათ შორის ინფექციური, დაავადებების გავრცელებას. აზერბაიჯანელ ქალებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ სხვადასხვა ბარიერის გამო“.
გული მუსტაფაევას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში მოსახლეობას დაბალი შემოსავალი აქვს, ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა მატერიალურ კეთილდღეობას აყენებენ. ბევრ აზერბაიჯანელ ქალსა თუ გოგონას არ აქვს „უფლება“ სამედიცინო დახმარება მეუღლისგან ან ოჯახის სხვა წევრის თანხმობის გარეშე მიიღოს. გარდა ამისდა, აზერბაიჯანელი ქალების უმრავლესობა მრავალშვილიანია, ორსულობის დროს სამედიცინო მაღალკვალიფიციური მომსახურეობის არქონის გამო, მათ უვითარდებათ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, რაც შემდგომ იწვევს ანემიას, ჩიყვს და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი ქალებისაგან დაბადებულ ბავშვებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაავადება.
„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით დროულად მოხდეს ქალთა ჯანმრთელობის საჭიროების აღიარება და მათთვის სერვისების მიწოდება. ეს არ არის ჩვენს მიერ ჩატარებული პირველი აქცია. ჩვენი ასოციაცია პერიოდულად აწყობს მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას და მომავალშიც განაგრძნობს საქმიანობას ამ კუთხით. დიდი მადლობა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის განვითარების ფონდის დამფუძნებელს რუსუდან კვანჭახაძეს და „ევროფარმის“ წარმომადგენელს საქართველოში ალისა ახვერდოვას გულისხმიერებისთვის და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გული მუსტაფაევამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 16, 2018 22:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,131
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics