სოხუმს ნაურუს პრეზიდენტი სტუმრობდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 12:11

სოხუმს ნაურუს პრეზიდენტი სტუმრობდა

12 ნოემბერს ნაურუს პრეზიდენტი ბარონ დივავეს ვაკა აფხაზეთს ეწვია. ე.წ. რუსეთ–აფხაზეთის საზღვარზე მას სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კვე დახვდა.
ამ ჯუჯა კუნძულ–რესპუბლიკის ლიდერის ვიზიტი აფხაზეთში დიდი მნიშვნელობის მოვლენად აღიქვეს, რამეთუ ნაურუ იმ 6 სახელმწიფოს სიაში შედის, რომლებმაც აღიარეს სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ნაურუს დელეგაცია აფხაზეთში გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა. პრეზიდენტის გარდა მასში შედიოდა რამდენიმე დეპუტატი და მინისტრი.
იმავე დღეს ბარონ დივავეს ვაკა შეხვდა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას, რომელმაც სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სტუმრის ვიზიტი ხანმოკლეა. “ვფიქრობ, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ბევრად მეტი დრო გექნებათ ჩვენს გასაცნობად”,– განაცხადა შეხვედრაზე ხაჯიმბამ.
ნაურუს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა “ორ ქვეყანს” შორის ურთიერთობის პერსპექტივები, დაპირდა მასპინძლებს, რომ “ნაურუს ხალხი კვლავაც დარჩება აფხაზეთის მეგობრად”, შემდეგ კი ყურადღება გაამახვილა მისთვის მთავარ საკითხზე – კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე.
შეხვედრის დასრულების ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრეს.
საღამოს ბარონ დივავეს ვაკამ სოხუმის ქუჩებში გაისეირნა და ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, აშშ–მ და საქართველომ ზეწოლა განახორციელეს ნაურუზე, რომ მას აფხაზეთი არ ეღიარებინა. “იყო ქრთამის მოცემის მცდელობაც, სიტუაცია ძალიან ჰგავდა შანტაჟს”,– თქვა ვაკამ.
სოხუმში ეს უკანასნელი მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და, სავარაუდოდ, შესაბამისი რჩევა–დავალებები მიიღო.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნაურუმ რუსეთის ზეწოლის შედეგად 2009 წლის 15 დეკემბერს აღიარა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 12:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics