სოხუმის კინოფესტივალის საერთაშორისო მასშტაბები – ქართული მხარის კომენტარი

გუშინ “თაიმერმა” გაავრცელა, რომ 2-6 აპრილს აფხაზეთში სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალი SIFF (Sukhum International Film Festival) გაიმართება. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია მითითებული, ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი 3 ათასამდე რეჟისორმა გააკეთა, მათ შორის, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მაროკოდან და სხვა. გამოქვეყნებულია, აგრეთვე ფილმების ჩამონათვალი, რომლებიც ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში, რომელიც “თაიმერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია: “აღნიშნული პირების (ფესტივალის მონაწილეების – რედ.) სოხუმში ჩასვლა ატარებს კერძო ხასიათს. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყანას”, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ფესტივალში მონაწილე პირების ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათ პროგრამაში მოხსენიებულ პირებს/რეჟისორებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მისცეს მკაფიო რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული რეგიონის ვიზიტისაგან”, ამასთანავე, ” ხსენებული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის ნაწილს, რომელიც მიმართულია სოხუმსა და ცხინვალში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის მცდელობისაკენ”, ასევე, საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ ” მსგავსი პროპაგანდისტული მეთოდებით, შეუძლებელია ზიანი მიადგეს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე არაღიარების პოლიტიკას”.

სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო 9 ნომინაციაში გადაეცემათ. ჟიურიში რუსი და აფხაზი რეჟისორები არიან.

banner
წინა სტატიაშიმსგავსი საქციელი სცდება ეთიკისა და დიპლომატიის ნორმებს – საგარეო უწყება აფხაზური მხარის ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიაკადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოში გზის გაყვანას აპირებს