,,სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის”

სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას ვიზიტს ისტორიული უწოდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი შედგა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ და ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც. ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში. მე მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც ერთ თვეში იწყება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხმედრო სფეროში და ბუნებრივია ჩემი და ახლა თქვენი ვიზიტით იქმნება სულ უფრო მეტი, ახალი შესაძლებლობა ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური – საქართველოში დღეს უმუშევრობა რეკორდულად დაბალია
შემდეგი სტატია“სიცრუის მანქანამ” ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი”