სკანდალი თავდაცვის სამინისტროში – გენინსპექციამ თანამდებობის პირებზე მოკვლევა დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თანამდებობის პირებზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან იზორიას გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. მან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე დანიშნა. მის ამ გადაწყვეტილებას კი სამხედრო ექსპერტების უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ნინუა და ცაბაძე აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და მინისტრმა ისინი კანონდარღვევით დანიშნა.

გარდა ამისა, ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები არიან, რომლებიც პიარდი შემადგენლობის მიმართ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით გამოირჩეოდნენ:

”სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს პირად შემადგენლობას დედას აგინებდნენ, მწყობრში მუნდირიდან ახევდნენ სამხედრო ნიშნებს. მათი მხრიდან იყო მოწოდებები, რომ თუ ”ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდნენ ხმას, მათი ცხოვრება დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. აღნშნული დაწინაურება არანაირ საკადრო ფორმას არ ემორჩილება. მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება, წარსული და გამოირჩევიან აგრესიული პოლიტიკური ქმედებებით, რომელიც აკრძალული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ნებისმიერი რანგის სამხედრო პირისთვის”, – აცხადებს დავით ნემსაძე.

გარდა ამისა, კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი განმარტავს, რომ ”მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება“.
რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა ემთხვევა გენშტაბის ხედვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის გვარეობის ”პოლკოვნიკის” თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური ნამსახურები წლები ოფიცრის თანამდებობაზე და უცხო ენის ცოდნა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ნინუა და ცაბაძე დასახელებულ თანამდებობებზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონვე მიუთითებს, ისინი შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

”გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე… დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს”, – ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის გამგებლის წარმომადგენლობის თანამშრომელი მერი მთიულიშვილი დააკავა
შემდეგი სტატია“გირჩი” მარიხუანას საჯარო დათესვით იმუქრება