სკანდალი: სახელმწიფო ობიექტი კერძო პირის ტერიტორიაზე ააშენეს

 

,,თაიმერს,, სიღნაღიდან დაუკავშირდნენ, საიდანაც სახელმწიფო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული სკანდალურ-კურიოზული  ინფორმაცია მოგვაწოდეს.

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ვალერიან ბიჭიკაშვილის ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სოფელში სიღნაღის მერის რწმუნებულმა – გიგა ბაკაშვილმა, სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული პროექტი, რომელიც სავარაუდოდ ათეულ ათასობით ლარი დაჯდა, მათ კუთვნილ მიწაზე განახორციელა, რითაც  მან, ამ ოჯახის კონსტიტუციური უფლება (კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ) დაარღვია და სახელმწიფო სახსრები, არასწორად, ფიზიკური პირის კუთვნილ ტერიტორიაზე გახარჯა.

ბიჭიკაშვილების განცხადებით, 590 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1982 წლიდან ვალერიან ბიჭიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია, 2017 წლის გაზაფხულზე, სოფლის რწმუნებულმა, მათ დაუკითხავად, სახელმწიფო პროგრამით სოფლის დახმარებისთვის განკუთვნილი პროექტი დაიწყო. როგორც ბიჭიკაშვილები აცხადებენ, მათი კუთვნილი ნაკვეთი, სადაც სოფლის წყლით მომარაგებისთვის საჭირო ჭაბურღილი გაითხარა და წყლის მომარაგებეის კვანძი აშენდა, მათი სახლიდან მოშორებით მდებარეობს და მათ იქ ადრე ხის სახლიც ედგათ.  ბოლო დროს კი,  ეკლიანი მავთულით ჰქონდათ შემოღობილი და სახლის ასაშენებლად ფუნდამენტიც ჰქონდათ ჩაყრილი, რომელიც მშენებლებმა ბურღვის დროს ამოთხარეს.

,,ჩვენ მოგვიანებით, გავიგეთ, რომ ჩვენი ეზოს ტერიტორიაზე დაუწყიათ მშენებლობა, რის გამოც ადგილზე მივედით და როგორც მშენებლები ასევე სოფლის რწმუნებული გავაფრთხილეთ, რომ ეს ჩვენი ეზო იყო და ამის დამამტკიცებელი საბუთიც გვქონდა. რწმუნებულმა გვითხრა, რომ მან  ადრე  არ იცოდა  ამის შესახებ და დაგვპირდა,  ამ გაუგებრობას ისე მოაგვარებდა, რომ ჩვენ არ დავზარალებულიყავით… თუმცა მას მერე რამდენიმე თვე გავიდა და არანაირი პირობა არ შემოუთავაზებიათ. ჩვენი სოფლისთვის წყალი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ჩვენ რომ ჰექტრობით მიწა გვქონდეს, თავისუფლად დავთმობდით ამ მიწას, მაგრამ მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ, ერთ სახლი გვაქვს და ამ სხლში მშობლების გარდა ორ დაოჯახებულ ძმაც არის თავიანთი შვილებით.. . ერთ-ერთს ამ მიწაზე უნდა აეგო სახლი და ამიტომ ამ მიწას სახელმწიფოს ვერ ვაჩუქებთ… სულ რაღაც 590 კვ. მეტრია ფართობი და წყლის კვანძს მთელი ტერიტორია უჭირავს. სახელმწიფოსგან ზაფხულის შემდეგ ვერანაირი დოკუმენტი და პირობა რომ ვერ მივიღეთ  არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად, ვიფიქრეთ, რომ მიწა შესაძლოა სადაო გამხდარიყო და ამიტომ გასული წლის ნოემბერში რეესტრში მივიტანეთ ყველა საბუთი და რეესტრმაც წესისამებრ მიწა ჩვენს სახელზე  დაარეგისტრირა. ახლაც არავინ გვეხმიანება და ისღა დაგვრჩენია სასამართლოს მივმართოთ, რომ სახელმწიფომ ან კომპენსაცია მოგვცეს, ან არსებული ობიექტი მოაშორონ ჩვენს კუთვნილ მიწას. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და კერძო საკუთრების ხელჰყოფა მოხდა. ჩვენ ყველა დოკუმენტი გაგვაჩნია, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მიწა 1982 წლიდან ვალერიან ბიჭიკაშვილის და მისი ოჯახის (ბონდო ბიჭიკაშვილი, შოთა ბიჭიკაშვილი, ნანული ქვიმთლელიშვილი რედ.) საკუთრება იყო და დღესაც არის,, აცხადებენ ბიჭიკაშვილები.

,,თაიმერი,, საქობოში სიღნაღის მერის რწმუნებულ გიგა ბაკაშვილს დაუკავშირდა, რომელსაც ბიჭიკაშვილების საკუთრბის თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

-ბატონო გიგა! ბიჭიკაშვილებმა საქობოში მათი კუთვნილი მიწის თემასთან დაკავშირებით დოკუმენტები და ფოტოები მოგვაწოდეს, სადაც თქვენ, სახელმწიფოს ფულით, ჭაბურღილი და წყლის კვანძი გაგიშენებიათ. რას გვეტყვით ამაზე?

– ჩვენ ეს პროექტი 2017 წლის გაზაფხულში დავიწყეთ. ამ დროს ეს მიწა ბიჭიკაშვილების არ იყო. მე იქ მეზობლებს ვკითხე და იქ საერთოდ გზა ყოფილა. ბიჭიკაშვილებმა ეს მიწა ახლახან, 2017 წლის ზამთარში გაიფორმეს თავიანთ სახელზე. ისე შემოხაზეს რომ წყლის რეზერვუარი და ჭაბურღილი თავიანთ ეზოი მოაქციეს…

– გამოდის, რომ სახელმწიფომ, თავისი კუთვნილი მიწა და მისი სახსრებით აგებული სახელმწიფო ობიექტი უპრობლემოდ გადაუფორმა  ჩვეულებრივ კერძო პირს? თქვენ გჯერათ, რომ ბიჭიკაშვილებს ამ ტერიტორიას საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გადაუფორმებდნენ, მითუმეტეს თუ იქ უკვე იდგა სახელმწიფოს მიერ აგებული იმხელა ნაგებობა?

– მე ვიცი რომ მათ საბჭოს მიერ გაცემული რაღაც ქაღალდი ჰქონდათ და შეიძლება ის გამოიყენეს… მაგრამ როდესაც ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ, მათ მიწა რეესტრში გატარებბული არ ჰქონდათ და რაც კერძო პირს არ ეკუთვნის, ის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება. ჩვენ სხვისი ტერიტორია არ გამოგვიყენებია.

-როგორ აპირებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას?

-არ ვიცი. მე ზემდგომ ორგანოებს მივაწოდე ინფორმაცია და ისინი გაარკვევენ. იციან ეს საქმე რაიონის გამგეობაში.

-იქნებ გვითხრათ რამდენი დაჯდა ეს ნაგებობა?

– ვერ გეტყვით… არ მახსოვს.

……………..

როგორს საქობოს რწმუნებული აცხადებს, ,,რაც რეესტრის მიერ დაფიქსირებული არაა და  ოფიციალურად კერძო პირს არ ეკუთვნის, ის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება,,  თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, საქართველოს სოფლებში მცოხვრებთა თითქმის ნახევარისთვის, რომელთაც საკუთარი კარ-მიდამო ჯერ კიდევ არ გაუფორმებია რეესტრში, სახელმწიფოს საკუთრების უფლება ჩამოურთმევია და საბჭოებისა და შევარდნაძის დროინდელი  უწყებების მიერ გაცემული საკუთრის უფლებაც, თურმე ძალადაკარგული ყოფილა. იმედია სახელმწიფო სტრუქტურები საქობოს რწმუნებულის ლოგიკას არ გაყვებიან და დაიცავენ ბიჭიკაშვილების ოჯახის კონსტიტუციურ უფლებას – მათ კერძო საკუთრებაზე.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა
შემდეგი სტატიანიკა რურუა: მაჩალიკაშვილი რაღაც მანამდე არსებული სამთავრობო კვალის დასაფარადაა ლიკვიდირებული