სკანდალი – ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს

სკანდალი - ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალესინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ ახლახანს მოაწოდეს, პრინციპში, სკანდალია, თუმცა ამჯერად ლაპარაკი არც პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებზეა და არც – კოლიციაში მიმდინარე ინტრიგებზე. საქმე, როგორც წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, უფრო მძიმედ არის, რადგან აშკარად იკვეთება ცენზურის და, ამავდროულად, აზრის გამოხატვის შეზღუდვის ნიშნები. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო მართონი უკვე გახსნილად არის გამოცხადებული, ადვილი მისახვედრია, თუ რას ემსახურება ეს შეზღუდვა, თუმცა „თაიმერი“ არაფერს არ ამტკიცებს და, უბრალოდ, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჰიპოთეტურად მსჯელობს. ასე რომ, არც ის არის გამორიცხული, რომ ინფორმაცია პირველადი იყოს, ანუ საზოგადოებაში გარკვეული აზრის დამკვიდრებას ემსახურებოდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ პრევენციის მიზნით, კულუარული ცნობა გავასაჯაროვოთ.

როგორც ჩვენი წყარო ყვება, მის ხელთ არსებული მონაცემებით, დირექტივა ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნულ ბანკს შეეხო, თუმცა მალე ანალოგიურ გზავნილს ყველა სახელმწიფო და საბიუჯეტო უწყების თანამშრომლები მიიღებენ.

„დასამალი არ არის, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი და, ზოგადად, ყველა თანამშრომელი ინტენსიურად თანამშრომლობს მედიასთან და ეს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მისიაა, ვინაიდან თითოეული საჯარო განცხადება პირდაპირ კავშირშია როგორც ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და სხვა პროცესებთან. ამ თვალსაზრისით, თანამშრომლის სახელმძღვანელოში დაზუსტდა რამდენიმე, მათ შორის, მედიასთან ურთიერთობის პუნქტი. შესაბამისად, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ამიერიდან ვალდებულნი არიან, ნებისმიერი მედიასაშუალების ჟურნალისტთან კომუნიკაციამდე აცნობონ უშუალო ხელმძღვანელს და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ამ შინაარსის შეტყობინება ეროვული ბანკის ყველა თანამშრომელმა, როგორც მე ვიცი, ხუთშაბათს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებიდან მიიღო,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც მომხდარს დეფინიცასაც აძლევს და ამბობს, რომ ეს პირდაპირი ცენზურაა.

აი წერილიც რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელებმა ფოსტის მეშვეობით მიიღეს:

“მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი და თანამშრომლები აქტიურად თანამშრომლობენ მედიასთან. ეს პროცესი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, ვინაიდან თითოეულია საჯარო განცხადება პირდაპირ კავშირშია როგორც ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და სხვა პროცესებთან. ამ თვალსაზრისით თანამშრომლის სახელმძღვანელოში დაზუსტდა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის მუხლი, მედიასთან ურთიერთობის შესახებ. რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მასმედიის საშუალებებთან კომუნიკაციამდე აცნობონ უშუალო ხელმძღვანელსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.”

    პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება – ეს წერილი “თაიმერმა” ეროვნული ბანკის თანამშრომლისგან მიიღო.

„იმ ადამიანებს, ვინც კომუნისტებს მოესწრნენ, კარგად ახსოვთ, რომ სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანო არსებობდა და აქედან ერთ-ერთი ცენზორი, „ოდეერის“ სახით, დღემდე შემორჩა. აი, „მთავლიტი“ კი გაუქმდა, მაგრამ როგორც გითხარით, მის ფუნქციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითავსებს. ისე, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მიშას პრეზიდენტობის დროს რომ მომხდარიყო, მაშინდელი ოპოზიცია რა გნიასს ატეხდა, აი, სიტყვის თავისუფლება იზღუდებაო და, მამაძაღლი, ის, რაც დღეს ხდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის? არადა, ზოგიერთს რომ კითხოთ, დღეს თავისუფლად ვსუნთქავთ,“ – აღშფოთებას ვერ მალავს „თაიმერის“ წყარო.

მისივე თქით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელმაც მოღვაწეობა ცენზურით დაიწყო, დიდი მომავალი არ უწერია.

„დიახ, ეს ადამიანის უფლებების ჩვეულებრივი კი არა, ძალიან თვალნათელი დაარღვევაა. ასე გვინდა ევროპაში შევიდეთ და დასავლეთი გავაოცოთ? თუმცა, ბოლო წლებში იმდენი რამ მოხდა ამ „წილხვედრში“, რომ აღარც ის გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს ჰაერის „სოჩიკებიც“ რომ დაგვიყენონ, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასეთი გაცეცხლებული და წონასწორობიდან გამოსული არასოდეს გვინახავს, – დემოკრატა იმას ნიშნას, რომ ვის რა უნდა, ის თქვას და თუ მერე ვინმე შეედავება, თავისი ნათქვამის სიმართლე დაამტკიცოს. საამისოდ, ბოლოს და ბოლოს, სასამართლო არსებობს და არა ზევიდან წამოსული დირექტივა, ადამიანებმა რა თქვან და რა – არა.“

„თაიმერი“ შეცადა, სხვა სახელმწიფო უწყებებშიც გადაემოწმებინა, პრეზიდენტის ან პრემიერის აპარატიდან მედიასთან ურთიერთობის შესახებ თანამშრომლებმა რამე მითითება ხომ არ მიიღეს, მაგრამ მათ, ვისთან გასაუბრებაც ჩვენ მოვახერხეთ, აღნიშნული კატეგორიულად უარყვეს. იმ შემთხვევაში, თუ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია, მაშინ მარტივი ასახსნელია, თუ რატომ გაიცა მედიასთან შეზღუდვის განკარგულება მაინცდამაინც ეროვნულ ბანკზე – ვიდრე ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები მას აბრალებდნენ ლარის გაუფასურებას. ქადაგიძის გადადგომის შემდეგ, პირველ ეტაპზე, ლარმა გამყარება რეკორდული სიჩქარით დაიწყო, მერე კი ხან მყარდება და ხან ისევ ეცემა. წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, მალე ლარის კურსი ისევ დაეცეს და იმ მიზეზები, რის გამოც კურსი დაეცემა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რომ არ გახდეს, ალბათ, ამიტომ აუკრძალეს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას გამორიცხავს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე:ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ტრიუკი ჩაატარა