„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, ინტენსიურად მუშაობს.

„შეფასებისა და ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში – მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკასა და განხილვას ასრულებს. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები კი, დამუშავებული და შეჯერებულია.

„იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა წარმოადგინოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ