სინოდის სხდომის სკანდალური კულუარები

რა ჩაიფიქრა მარგველაშვილმა და დაიწყება თუ არა „ერთსულოვნებაში“ წმენდა

 

არავინ იცის, როგორ დამთავრდება „ციანიდის საქმე“. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები კი ამბობენ, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ იმ ფარული ჩანაწერების ნახვის შემდეგ, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, საზოგადოების ერთ ნაწილს დაკავებული მღვდლის მიმართ გარკვეული კითხვები გაუჩნდა. ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს და სანამ საქმე სასამართლოში არ წავა, დაახლოებითაც ვერ გავიგებთ, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, „ციანიდის საქმეს“ სასამართლოში წასვლა შეიძლება, არ დასცალდეს, რადგან გამოძიების დამთავრებამდე პოლიტიკური სიტუაცია აიჭრას.

 

„ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, შეიძლება ითქვას, პირველადია, ანუ ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ასე მოხდება, მაგრამ იმის დიდი შანსი არსებობს, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშე მოულოდნლეად პრეზიდენტი გახდეს,“ – ეუბნება „თაიმერს“ წყარო, რომელიც მოვლენების განვითარების, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელ სცენარს გვთავაზობს.

 

ერთი სიტყვით, თუ „თაიმერის“ წყაროს დავუჯერებთ, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ დაახლოებით, მარტის ბოლოს პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

 

ამასთან ერთად, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ვადამდე ჩატარდეს.

 

„იმის ალბათობა, რომ „მარგველას“ პარლამენტი დაეთხოვა, მაშინ უფრო დიდი იყო, როცა უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და ხალხმა ტელეკომპანიის ეზოში შეკრება დაიწყო. მაშინ იგივე „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ სტრასბურგი უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებდა. ამიტომ, სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ითქვა, რომ ქვეყანა შეიძლება, ქუჩის აქციებში გახვეულიყო, რაც თავის მხრივ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას ხელს შეუშლიდა. აქედან ყველაზე კარგი გამოსავალი კი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა. ისე, ჩემი დაკვირვებით, ეს სცენარი მარგველაშვილსაც აწყობდა და ალბათ, ახლაც აწყობს – ხომ ვხედავთ, „ოცნება“ როგორ ემუქრება, თუ კარგად არ მოიქცევა, 2018 წელს პრეზიდენტს ხალხი კი არა, პარლამენტი აირჩევსო. ჰოდა, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, ამით მარგველაშვილი „ოცნებაზე“ შურს იძიებს. ახლა, არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე პირადად, არ მგონია, რომ ვადამდელ არჩევნებში „ოცნებამ“ საკონსტიტუციო კი არა, ჩვეულებრივი უმრავლესობის მოგროვება მოახერხოს,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც  აქვე განმარტავს, რომ ამ სცენარში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც სტრასბურგის ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.

 

„ევროსასამართლოს, ასე ვთქვათ, განჩინებამ პოლიტიკური ვითარება მეტ-ნაკლებად კი განმუხტა, მაგრამ ჩვენს ოპოზიციურ წრეებს ალბათ, აწყობდათ, რომ ქუჩის მღელვარება დაწყებულიყო, რადგან ამით ხელისუფლება ცაიტ-ნოტში აღმოჩნდებოდა, თან იგივე „ციანიდის  საქმეც“ ცუდად აგორდა, ანუ ვიღაცას შეიძლება, იმედი ჰქონდა, რომ პატრიარქის თუ რომელიმე მაღალი სასულიერო პირის შესაძლო მოწმავლის აღკვეთით ქულებს ჩაიწერდა, მაგრამ „რუსთავი 2“ „არამკითხე მოამბესავით“ მოიქცა – დეკანოზის დაჭერაზე ინფორმაცია რომ მიიღო, მაშინვე ყველაფერი ღია ეთერში მოყვა და ამით ყველაფერი თავდაყირა დააყენა,“ – ეუბნება „თაიმერს“ წყარო და აქვე, იმასაც ამბობს, რომ სინოდის სხდომა, რომელიც გუშინ, 9 მარტს ჩატარდა, კურიოზულად დაიწყო.

 

„არ ვიცი, ამის შესახებ უნდა გითხრათ თუ არა, მაგრამ ბოლო დროს იმდენი რამე მოვისმინეთ, რომ ამასთან შედარებით ეს ამბავი ძალიან „ლაითია“.

 

მოკლედ, სინოდის სხდომა სანამ ოფიცუიალურად გაიხსნებოდა, ერთ-ერთმა მეუფემ, როგორც მითხრეს, ანეგდოტი მოყვა. ეს ანეგდოტი ცოტა უხამსი კია, მაგრამ მეც მოგიყვებით:

 

ქმარი ცოლს სხვა კაცთან შეუსწრებს, ცოლი კივილს ატეხს. ქმარი კი დაწყნარებას დაუწყებს, დამშვიდდი, ქალო, ეს ამბავი ჩვენს გარდა მაინც არავინ იცის და სანერვიულო არაფერი გაქვსო. ამ ანეგდოტმა მღვდელმთავრები გაამხიარულა და კარგ გუნებაზე დააყენა.

 

სხვათა შორის, ის განჩინება, რომელიც სინოდის დამთავრების შემდეგ წაიკითხეს, როგორც მე ვიცი, ჯერ კიდევ წინა დღეს იყო დაწერილი, მაგრამ თავიდან მას სხვა შინაარსი ჰქონდა, ანუ როგროც მე მითხრეს, მეუფე პეტრე უფრო სერიოზულად უნდა დაესაჯათ, მაგრამ ბოლო წუთში რაღაცები შეიცვალა და პეტერს მხოლოდ ის აკმარეს, რომ საპატრიარქოს ტელევიზიას ჩამოაშორეს. ზოგადად, ვიღაცებს თავის დროზეც არ უნდოდათ, რომ მეუფე პეტრე ამ ტელევიზიის დირექტორად დანიშნულიყო, მაგრამ გადაწყვეტილება უწმინდესმა მიიღო და წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

 

ისიც, ალბათ, ნახეთ, „ერთსულოვნების“ თანამშრომლებმა პატრიარქს თხოვნით რომ მიმართეს, მეუფე პეტრე ტელევზიის ხელმძღვანელად დატოვოს. არ მგონია, ეს თხოვან დაკმაყოფილებული იქნას, მაგრამ ახალი ხელმძღვანელი „ერთსულოვნებაში“, სავარაუდოდ, დიდი წმენდას დაიწყებს. მართალია, ეს პოლიტიკური ტელევიზია არ არის, მაგრამ მას მორწმუნეები უყურებენ, ანუ მაინც პროპაგანდის იარაღია და ახალი მენეჯმენტი ძველ თანამშრომლებს უნდობლად დაუწყებს ყურებას თუნდაც იმიტომ, რომ მათ მეუფე პეტრეს ტელევიზიიდან შეიძლება, რამე ინფორმაციები მიაწოდონ,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც საუბარს იმით ამთავრებს, რომ ერი და ბერიც განსაცდელის წინაშე დგას და ამ სიტუაციიდან  გამოსავალის მოძებნა მარტივი არ იქნება.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო
შემდეგი სტატიადევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდნენ