სიახლე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა  სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“. სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, პროფესორი ერმუხამეტ ერტისბაევი. როგორც, „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა, აღნიშნული სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც არის  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა.

დეტალებზე გვესაუბრება,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკის და ეკონომიკური  კვლევების ცენტრს“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი:

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“ დაიწყო, რას გულისხმობს ეს პროგრამა?

_  სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია სტუ-ს და თსუ-ს სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სისტემაზე.მოგეხსენებათ, ეს  არის  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა. ყაზახეთი განუყრელად და პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანს. განხორციელებული აქვს მრავალ ასეულობით მილიონიანი ინვესტიციები საქართველოში და რაც  ძალიან საგულისხმოა – საქართველო ერთადერთი  ქვეყანაა სადაც ყაზახეთი მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისების ახალ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს. სურვილი გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ  უნივერსიტეტის   მიერ დასახული ახალი  პროგრამების რეალიზებაში

_ სხვა ანალოგიური პროგრამები თუ იგეგმება თქვენი ცენტრის მიერ?

დიახ, უკვე მარტის მეორე დეკადაში გავხსნით მსგავს პროგრამებს იტალიისა და თურქმენეთის საელჩოებთან ერთად. მზადდება ერთობლივი პროექტები ჩინეთის, პოლონეთის, ირანისა და ლიტვის საელჩოებთან ერთად.

_ ვინ იქნებიან ამ პროგრამაში ჩართულნი? მხოლოდ სტუდენტებს მოიცავს თუ ნებისმიერ, თუნდაც უნივერსიტეტის თანამშრომელს? ასევე, ეს პროგრამა ეხება მხოლოდ სტუ-ს სტუდენტებს თუ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს?

სასწავლო-სასერთიფიკატო პროგრამა საუნივერსიტეტშორისოა, ამჟამად პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია სტუ- ს  და თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა გაიარეს, მაგრამ თუ ამის სურვილი იქნება ნებისმიერი ჩვენი თანამშრომლისთვის პროგრამა ღია იქნება.

_ ვისი  ინიციატივით მოხდა ამ პროგრამის რეალიზება?

_ ინიციატივა ცენტრის იყო, ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ტექნიკური  უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს და საგანგებო ელჩს, პროფესორ ერმუხამეტ ერტისბაევს. მათ ძალიან სწრაფად და დიდი გულისხმიერებით დაუჭირეს მხარი ამ პროგრამას.

_ როდის და ვის მიერ შეიქმნა თქვენი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი?

_ კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკის და ეკონომიკური  კვლევების ცენტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის დებულება უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების მიერ 2016 წლის დეკემბერში დამტკიცდა. ცენტრი არის უნივერსიტეტის მრავალპროფილიანი სასწავლო/სამეცნიერო ერთეული, რომელიც ორიენტირებულია ისტორიის, სახელმწიფო მართვის, ეკონომიკის, ახალგაზრდული პოლიტიკის, გეოპოლიტიკის, რელიგიის, სოციოლოგიის, კულტუროლოგიის, ეკოლოგიის, რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებისა და პრობლემების ინტერდისციპლინარულ კვლევაზე. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. მე მკაფიოთ  ვაცნობიერბ იმ პასუხისმგებლობას რასაც ცენტრის ხელმძღვანელობა მაკისრებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის  ერთ-ერთი უძველესი და ძალიან მდიდარი ტრადიციების მქონე სასწავლებელია, მე და  ჩემს კოლეგებს სურვილი გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ  უნივერსიტეტის  ხელმძღვანელების მიერ დასახული ახალი  პროგრამების რეალიზებაში. ცენტრის  კადრები  კომპლექტდება ძალინ დიდი გამოცდილების მქონე  და  ახალგაზრდა ენერგიული  მეცნიერების ერთობის საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კოლექტივით  ჩვენ შევძლებთ დაკისრებული  მიზნების შესრულებას.

 

 

banner
წინა სტატიაშიყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, რომ “მოსმენების კანონმა” არ იხილოს დღის სინათლე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, სახელმწიფო განვითარების გზა და კლიმატი ძალიან სახიფათო გზით წავა