შსს-ს თანამშრომლებს ოჯახური ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების 25 თანამშრომელს ჩაუტარდა ორდღიანი სწავლება თემაზე: „სამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისში ჩატარდა. სწავლებას შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, თსუ-ს პროფესორი გია გოგიბერიძე და “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიზანი იყო სამართალდამცველების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ოჯახში ძალადობის თემატიკისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სამართალდამცველების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაზრდას და შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას, რაც მსგავსი ფაქტების შემცირებისა და პრევენციის წინაპირობაა.

პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა; ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ გიგი წერეთლის შესახებ განცხადების გავრცელებს მიზეზები განმარტა
შემდეგი სტატიალეხ ვალენსა ნატოს რუსული თვითფრინავების ჩამოგდებისკენ მოუწოდებს