შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:

დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი – ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.

ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი : 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ „აღიარებითი ჩვენება“, რომ არ აპირებს დაპირებების შესრულებას
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ჩვენი მიზანია მშვიდად და ორგანიზებულად ჩავატაროთ მეორე ტური