შსს-მ დაინტერესებულ მხარეებს ოჯახში ძალადობაზე მომზადებული ინიციატივები გააცნო

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნათა დარღვევაზე კანონმდებლობის გამკაცრების, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის, გენდერული ნიშნით მკვლელობის და მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო რეგულაციების თემებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით ოჯახში ძალადობის 1 750 მსხვერპლი და 1 693 მოძალადე დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით დედაქალაქი ოჯახში ძალადობის კუთხით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ჭანტურიები რუსთავის მერს ზეწოლაში ადანაშაულებს