შს მინისტრი სტურუას გარდაცვალების საქმეზე: ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე

mxebrishviliშინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, ერთეული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვცხოთ სხვა პოლიციელებს. შს მინისტრმა ამის შესახებ „იმედის დროს“ ეთერში დემურ სტურუას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვის პასუხად აღნიშნა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, ვერავინ იტყვის იმას, რომ დამრღვევი პოლიციელისთვის ოდესმე მას ხელი დაუფარებია.

„ჩვენ სისტემაში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სრული უმეტესობა ამ ადამიანების არის პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი და არ შეიძლება, რომ ერთეული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვცხოთ სხვა პოლიციელებს.

პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ, მინდა გითხრათ, თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ ჩვენ უსაფრთხოებას, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ასე ხელაღებით, მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ პოლიციელებს მიაყენონ შეურაცხყოფა და ერთი, ვთქვათ – უღირსი პოლიციელის გამო, მე არ მაქვს კონკრეტულად არავინ მხედველობაში, ზოგადად ვლაპარაკობ, გაისვაროს სხვა პოლიციელები.

მე ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად, ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს, ხოლო ისინი ვინც არღვევენ ადამიანის უფლებებს და უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, იმათ საკადრისი პასუხი გაეცემათ და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე როდესმე ვინმესთვის ხელი დამიფარებია ასეთი პოლიციელებისთვის.

ვერავინ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ ვერ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე, იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის. თუკი ვინმე იმხილება დანაშაულში, ჩვენ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს“ – განაცხადა შს მინისტრმა.

მღებრიშვილის განცხადებით, მიმალვაში მყოფი პოლიციელის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაკავების მიზნით, სტანდარტული პროცედურები ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს რევოლუციური პროექტი
შემდეგი სტატია“შენთან მეგობრობა ამაზრზენია!“