შრომითი უფლებების დაცვა არ უნდა განვიხილოთ ბიზნეს გარემოს შეზღუდვის მცდელობად – კობახიძე

შრომითი უფლებების დაცვა არ უნდა განვიხილოთ არსებული ბიზნეს გარემოს შეზღუდვის მცდელობად – განაცხადა პარლამენტის თავმჯოდმარემ კონფერენციაზე “შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი” სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ამჟამად აქტიურად იხილავს „შრომის უსაფრთხოებისა შესახებ“ კანონპროექტს.

“ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით უზრუნველვყოთ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომლის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია კომპანიის წარმატებით. ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას. ასოცირების დღის წესრიგით უკვე განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რომელთა ნაწილი გაწერილია დროში, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები. ასევე, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, გამოწვევებია ევროპის სოციალური ქარტიასთან ეროვნულ დონეზე შესაბამისობის მიმართულებითაც. ამ მიმართულებითაც გასააქტიურებელია მუშაობა. ყველა ეს საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საჭიროებს დისკუსიას და გადაწყვეტილების მიღებას, არა მხოლოდ სამმხრივი დიალოგის ფარგლებში სოციალურ პარტნიორებთან, არამედ გაცილებით ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას, სადაც ჩართული იქნება ყველა სხვა დაინტერესებული მხარე – მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა ძალისხმევითაც ხდება ხშირ შემთხვევაში შრომის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხის აქტუალიზება. ჩვენ დღეს გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს ღია პლატფორმა ასეთი საჯარო დისკუსიისთვის, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება ერთიანი ხედვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში შრომის ურთიერთობების და შრომითი უფლებების საკანონმდებლო საფუძვლების შემდგომი სრულყოფის და მათი ეფექტიანი დანერგვის მიზნით”,- მიმართა კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ონიანის საქმეს ევროკავშირის წარმომადგენლობა აკვირდება
შემდეგი სტატიამგონი, არც თქვენ არ მოგწონთ ის მშენებლობები, რომელიც ამახინჯებს ქალაქს – კალაძე დეველოპერებს