,,შინდისის ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა”

2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გაიხსენეს. მათ პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინდისში იმყოფებოდნენ ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრები. მემორიალის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდიც გაიმართა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მომავლის იმედის ისტორია უწოდა.

„ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს თითოეული ჩვენთაგანისთვის – საამაყო. აქ 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა და მათი ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, მშობლების წინაშე! ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომლებმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მოგვიანებით ლევან იზორია შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. გმირების მშობლებმა მინისტრს პრობლემები გაუზიარეს და მათი მოგვარების პირობაც მიიღეს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

banner
წინა სტატიაში“ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას ხვდება
შემდეგი სტატიაპასუხისმგებლიანი ძალა უნდა სვამდეს კითხვას, ბევრი ფულის გარდა რა არის ღირებული “ოცნების” იმ მაჟორიტარობის კანდიდატებში, ვინც ადრე ”ნაციონალებში” იყვნენ