შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 09:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.
საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.
საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებული ჯგუფურად თავს დაესხა ყ.თ.-ს და დ.თ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე – ერთ-ერთ დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს – სახის არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და ავტომანქანა.
ბრალდებული დაზარალებულებმა ამოიცნეს. ნ.გ.-მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობები ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე.
ნიმუშის აღება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა, რომლის ჩატარების უფლებამოსილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნიმუშის იძულებით აღების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. ამასთან, კანონი იძლევა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას.
ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ქუთაისის N2 საპყრობილეში. ამასთან, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა იძულების ის ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად.
ბრალდებულისგან ნიმუშის იძულებით აღების პროცედურა, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, დაფიქსირებული იქნა ვიდეო-გადაღების საშუალებით, რომლის ჩანაწერიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულებათა გაცვლის ეტაპზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, კანონის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.
საგამოძიებო ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების, დასაშვებობაზე მიმდინარე წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებს მოსამართლე, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით მიმდინარეობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 09:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics