შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლები აშენდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტს ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება. რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დეველოპერული კომპანია M2-მა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში. კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს. „UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი ახალი წევრი პარტია “თავისუფალ დემოკრატებში”
შემდეგი სტატიაბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ