შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური და იურიდიულად გამართული ყრილობის ჩატარება-ენმ განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ნაციონალური მოძრაობა- ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ერთი ნაწილი ავრცელებს.

განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პარტიაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ ნაცვლად თავისუფალი პოლიტიკური დებატებისა, პარტიის ლიდერების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება პარტიის წესდების და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით, ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა.

პარტიის წევრები განცხადებაში, ასევე ყრილობის ჩატარების მოწვევის წესს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეულ უნდა იქნას რაიონული კონფერენციები.

მათივე თქმით, ამ დროისთვის რაიონებში დელეგატთა შერჩევა პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით მიმდინარეობს.

ასევე ნათქვამია, რომ ყრილობის ჩატარებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები პარტიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისია„ და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით, შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება,“-ნათქვამია განცხადებაში.

ენმ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელს რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები: ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, ლაშა დამენია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგი წერეთელი და პარტიის სხვა ლიდერები აწერენ.

banner
წინა სტატიაში„გავიხსენებ და მერე გეტყვით” – მოსულიშვილს უკანონო მშენებლობის საკითხზე პასუხი არ აქვს
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დეკემბერში ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდას ტემპერატურის კლებით ხსნიან