შეწყალების კომისიას განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდანაც შეუწყალებია პატიმრები ისე, რომ მათ მოქმედი დასჯებიც ჰქონდათ

სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა შეწყალების კომისიას განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდანაც შეუწყალებია პატიმრები ისე, რომ მათ მოქმედი დასჯებიც ჰქონდათ, რაც ჩვენთვის გასაოცარი იყო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ პატიმრების რისკის შესაბამისად შეფასება დავიწყეთ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულება ის დაწესებულებაა, რომლის შესახებაც კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ ადამიანი იქ მოხვდება, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი საერთოდ აღარ განიხილება, რადგან განსაკუთრებული რისკია“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, ასევე ყოფილა შემთხვევები, როცა შეწყალების კომისიას შეუწყალებია და პირდაპირ გაუთავისუფლებია ისეთი ადამიანები, რომელთა შესახებაც პენიტენციური დეპარტამენტიდან კონკრეტული ინფორმაცია გაიგზავნა, რომ აღნიშნულმა მსჯავრდებულმა დისციპლინა თერთმეტჯერ დაარღვია, დისციპლინური სახდელი თვრამეტჯერ დაეკისრა და ორი მოქმედი დასჯა აქვს.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი სტატისტიკით დაინტერესდება, შეუძლია, ეს სტატისტიკა მიაწოდოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმრის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ისეთ შემთხვევაშიც იგზავნებოდა, როცა მაგალითად, პატიმარმა, რომელსაც შეწყალების თხოვნამდე არანაირი დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა, შიდა დისციპლინა იმ პერიოდში დაარღვია, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხის შესწავლა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი – ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს ექვსჯერ მიმართა და ექვსივეჯერ უარი მიიღო
შემდეგი სტატიაქალთა მიმართ ძალადობა – “ევროპული საქართველო” კანონის გამკაცრებას ითხოვს