შესთავაზებს თუ არა კობახიძე საკონსტტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს?

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს ან ხვალ მოხდება- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალო განხილვის კომისია შეიქმნება. მისივე თქმით, კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება.

„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან -საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით – ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში – მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს თუ არა საკონსტტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, კობახიძე პასუხობს:

„ყველა იქნება ჩართული ამ განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია. საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენელი იქნება კომისიაში“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა: 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან ხოლო 1 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან რეისები არ შესრულდება
შემდეგი სტატიათელავში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს