საბა მეტრეველი: შენდობის დღე თუ ფარისევლობა ქართულად?!

`არცა ცრემლნიარცა სინანული მაქუს, არცა – ლმმობიერებავითარცა ღმერთმან,  მომცენ ესენიწარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და შვენიერებაი ჩემი  და მდებარე ვარ შიშუელ და კდემულ~ –  (წმიდა ანდრია კრიტელი).

 

მართლმადიდებელი სამყარო დიდი მარხვისათვის ემზადება და, როგორც წესი, მარხვის დაწყებას (წელს ის 19 თებერვლიდან დაიწყება) წინ უძღვის 4-კვირიანი პერიოდი, რომელიც ყველიერით მთავრდება. ამ დღეს შენდობის კვირიაკესაც უწოდებენ. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ეკლესიაში უკვე გაისმის სინანულის საგალობლის სულისშემძვრელი სიტყვები: „სინანულისა ბჭენი განმიხვენ, ცხოვრების მომცემელო!..“

როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, თავისი სულიერი შინაარსით, დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენს… იგი ჩვენ გვასწავლის, თუ როგორ შეჰფერის მზადება სიკვდილისთვის… სიკვდილის სარეცელზე ადამიანს გადაულახავი სურვილი უჩნდება ყველასთან შერიგებისა; არ რჩება არც სიცრუე, არც თვალთმაქცობა. წმინდა დიდმარხვა ჟამია ჩვენი სინდისის გამოცდისა, რომელიც მაცხოვნებელ ღვთის შიშსა და სულის მონანულ შემუსვრილებას ბადებს“…

თავისი მისტიკური მნიშვნელობით მიტევების დღე გვასწავლის იმას,  რომ ყოველგვარი მარხვის, ლოცვისა და სულიერი წარმატების საფუძველი ურთიერთმიტევებაშია. სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი” (მათე 6. 14-15). დასაფიქრებელია ერთი დეტალიც, რომ ეს სწავლება მაცხოვარმა მოაყოლა საუფლო ლოცვა “მამაო ჩვენოს”, რომელსაც მცირე სახარებასაც კი უწოდებენ. ერთი შეხედვით, ლოგიკაც მარტივია:  მიუტევებ? – მოგიტევებს. არ მიუტევებ? – არ მოგეტევება, თუნდაც უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდე.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.

მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ან გულისტკივილი არ მიეყენებინოს. წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს“ – ეს არის ფრაგმენტი მიტევების დღესთან დაკავშირებული პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან.

როგორ ესმის მიტევების დღე თანამედროვე ადამიანს, როგორ გამოხატავს სინანულს, რა ფორმით ითხოვს შენდობას და, საერთოდ, ესმის თუ არა, რას ემსახურება და რას აკეთებს?

შესადარებლად გავრცელებულ, უკვე მყარ სიტყვიერ შეთანხმებად ქცეულ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

 

„შენდობის დღეა უკვე და გთხოვთ მაპატიეთ ყველამ, თუ ვინმესთვის რამე მიწყენინებია. ეს ყველას ეხება გამონაკლისის გარეშე, გთხოვთ!“

„შემინდეთ, თუ რამე გაწყენინეთ და ვცოდე თქვენთან!“

„მაპატიეთ, თუ ვინმესთვის რამე მიწყენინებია!“

„შემინდეთ და მაპატიეთ, თუ ვინმესთვის რამე მიწყენინებია!“

 

როგორ ჰგავს ერთმანეთს ეს წინადადებები ისე, როგორც უინტერესო და პრაგმატული სამყაროს მოტრფიალე ადამიანებს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან! იქნებ ვინმემ გაიხსენოს თუნდაც ერთი კონკრეტული შემთხვევა: აი, ეს რომ გაწყენინე, ძალიან განვიცდი და მაპატიეო!!!

დღემდე ასეთი ფრაზა არ გამიგონია არც ერისა და არც ბერისგან. ჩვენი შენდობის თხოვნა თუ მოთხოვნა ისევე ზედაპირული და ფორმალურია, როგორიც – ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ცხოვრების რიტმი, წესი და ეთიკა-ესთეტიკა!

ან ვის რა შევუნდო?

ხელისუფლებას –  გულგრილობა? პოლიტიკურ ისტემბლიშმენტს, ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს რა ვაპატოთ: არაკომპეტენტურობა, არასერიოზულობა, ერთმანეთის სიძულვილი თუ ლანძღვა-გინების არნახული ქართული კორიანტელი?!

არასამთავრობო სექტორს რა შევუნდო, აღარ ვიცი. ვაითუ, საერთოდ, სრულ არადემოკრატიულობა-ჩამორჩენილობაში ჩამეთვალოს მიტევებაზე საუბარი, მაგრამ მაინც უნდა მივუტევო ეროვნული ცნობიერების მარგინალიზაცია, გრანტიყლაპიობა და ზედმეტად პროტოკოლური სტილი.

არ მყოფნის სულიერება და ყველაზე მეტად მაინც ტელეჟურნალისტიკის შენდობა გამიჭირდება, მაგრამ ახლა თავს ძალას დავატან, გავიხსენებ იმას, რა დღე მომელის საშინელ სამსჯავროზე წარდგომილს… ამიტომ, იძულებული ვარ გაპატიოთ უღირსად მსახურება, უნიჭობა, ქართული ენისა და ცნობიერების გარყვნა და უზნეობის წახალისება, ტრადიციების ნგრევის ინსპირირება და ფსევდოღირებულებებზე ორიენტირება, თავსმოხვეული სახეების გაპიარება, სხვისი პირადი და პიკანტური ცხოვრების თვალთვალი, ეროვნული ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობანი და კიდევ ვინ მოთვლის …

ახლა, პერსონალურად რომ მოვდგე და ჩამოთვლა დავიწყო, არ მეყოფა ერთი წელი ამდენი „ფეისებისა და სვეტსკების“, ამდენი „ბომონდის“ გადამკიდეს. სად შეგვი (ძ) ლია ამდენი!!!

მაგრამ, მეც ვითხოვ თქვენგან შენდობას! მომიტევეთ, მაპატიეთ, ჩემო კრეატიულებო, ნიჭიერებო, კონგენიალურებო! მე ვინ და თქვენ ვინ?! სად შემოგწვდებით ცაში ვარსკვლავს?! მაგრამ, მაინც შემინდეთ ის, რომ ვერ ვიტან და მძულს ფარისევლობა და თვალთმაქცობა, სიყალბე და უნიჭობა, ორგულობა და შური.

მაპატიეთ, რომ ვერა და ვერ შევეგუე უნიათო, უპრინციპო და უიდეო საზოგადოებას, რომ ვერ ვუძლებ ამდენ ტყუილსა და აგრესიულად დამანგრეველ მასკულტურას, ამდენ პრეზენტაციებსა და სადღეგრძელოებამდე მისულ კრიტიკა-შეფასებებს, ამდენი მაკულატურის ბეჭდვას და ამდენი  ზეინტელექტუალის „ქადაგებას“, ამდენ „პოეტსა“ და ამდენ „მომღერალს“…

ახლა მართლმადიდებელ ეკლესიას ვთხოვ პატიებას იმის გამო, რომ საეკლესიო იერარქიის განკითხვის ცოდვაში ვარ. რა ჩემი საქმეა, მაგრამ მაინც ვერ შევეგუე კომფორტზე, სიმდიდრესა და ფუფუნებაზე (აიფონ 8; ჯიპებით გრიალი; კაფე-რესტორნებში ტრაპეზი; ყანწებით სასმისები და თამადობა-დარიდური ქორწილებსა და „კამპანიებში“; შემოწირული ვერსაჩე და შანელი; ონლაინ ლაივი და პოსტებიდან სტატუსებზე ხტომა; ლაიქების მოლოდინი…) ორიენტირებულ სასულიერო პირებს, სიტყვისა და საქმის პოლარულ დაპირისპირებასა და სათნოებებით შეფუთულ ფარისევლობას.

კარგად მესმის, მარხვის დროს ქრისტიანი რომ არ უნდა ფარისევლობდეს; სხვის დასანახად არ უნდა მარხულობდეს,  ჩვენი მარხვა არ უნდა იყოს გარეგანი და საჩვენებელი. ხშირად მახსენდება მაცხოვრის სიტყვები:  „რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი ორგულნი მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რათა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად, ამინ გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი” (მათე 6.16). ისიც მაპატიეთ, რომ აქედანვე ვიწყებ თადარიგის დაჭერას სამარხვო კარაქის, ნამცხვრის, მაიონეზის, სამარხვო ყველისა და ხაჭაპურის, სამარხვო შოკოლადებისა და… ათასგვარი სამარხვო პროდუქტის გამო.

ნეტა, მარტო ჭამა-სმა იყოს მარხვა, როგორი ადვილი იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ, ვაი, რომ სხვაგვარადაა საქმე და ეს უმთავრესი გვეკარგება ხელსა და თვალ შუა!!!

შენდობა ნიშნავს, სრულ პატიებას, ანუ იმას, რომ აღადგინო მეორე ადამიანთან ის ურთიერთობა, რომელიც გქონდა წყენამდე თუ კონფლიქტამდე! ჯერ არავის უთხოვია ჩემთვის: კონკრეტულად ეს რომ დაგიშავე, მაპატიეო, თორემ ეგებ მეც ავმაღლებულიყავი საკუთარ თავზე და ყველაზე საყვარელი ადამიანისათვის მეპატიებინა უმადურობა, თავაზიანი გამომძალველობა, სხვისი გამოყენების „გულუბრყვილო“ მცდელობა, ხელის კვრა, იგნორირება, არმაზივით გაკერპება, დელიკატური სიძულვილი და მოლოდინის რეჟიმში გადასული ჩემი ცხოვრებაც კი. იქნებ, შემენდო ასეთი და მსგავსი თავაზიანი ტყუილები: შენი ნომერი დამეკარგა; ამ დღეებში გამოგივლი; არ მეცალა (მოცლილი სასაფლაოზეა!), დაკავებული ვიყავი; SMS აღარ მქონდა; ბალანსი ამომეწურა და ვეღარ დავრეკე…

ყველამ შემინდეთ  ჩემი სულიერი სიბეცე და უძლურება, პირდაპირობა, სიხისტე და ირონიაც, თორემ მარტო მე ხომ არ მომეკითხება?! ყველა წარვდგებით იქ, სადაც ჯერ არს და მერე უკვე გვიან იქნება. სანამ ჯერ კიდევ დროა, მოვასწროთ პატიებაც და ისიც, რომ ვერ შევძლოთ ერთმანეთის გაწირვა და განკითხვა!

ამჯერად მორის ფოცხიშვილის ლექსით (რომელშიც, ალბათ,  არის დიდი ადამიანური ჭეშმარიტება) დავასრულებ ჩემს სათქმელს და ასეთი რიტორიკაც მაპატიეთ, რადგან შენდობის დღეა:

 

პატიება

 

ცილი დამწამა, ვაპატიე,

გული მომიკლა, ვაპატიე,

უგერგილობა ვაპატიე,

უკეთურობა ვაპატიე,

უსინდისობაც ვაპატიე –

უმადურობა ვერ ვაპატიე.

 

უკადრისობა ვაპატიე,

უსულგულობა ვაპატიე,

უსამართლობა ვაპატიე,

უმეგობრობაც ვაპატიე,

უმეზობლობა ვერ ვაპატიე.

 

ქურდობა ვაპატიე,

მრუშობა ვაპატიე,

ხარბობა ვაპატიე,

ძუნწობა ვაპატიე, –

ღვინის გაფუჭება ვერ ვაპატიე.

 

ჩემი გადარევა ვაპატიე,

ჩემი მოტყუება ვაპატიე,

სიტყვის გამრუდება ვაპატიე

აზრის გაყალბება ვაპატიე, –

ენის აღრევა ვერ ვაპატიე.

 

ლექსი წამიბილწა, ვაპატიე,

ცეცხლი ჩამიწიხლა, ვაპატიე,

ჩემი დაყრუება ვაპატიე,

ჩემი დამუნჯება ვაპატიე, –

სამშობლოს ღალატი ვერ ვაპატიე.

 

 

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში დიანა ნაფეტვარიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
შემდეგი სტატია(ვიდეო) “კობახიძე არის კლასიკური კომკავშირელი” – გია ხუხაშვილი