შალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!

როგორც ამბობენ, შალვა თადუმაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნათლიმამა, მალე გახდება საქართველოს მთავარი პროკურორი. წულუკიანმა ჭკუა იხმარა და მას შემდეგ რაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ნათელმირონობის შესახებ, თავად არ წარადგინა პროკურორობის კანდიდატები. ეს მეტად ძნელი მისია წულუკიანის მოადგილეს დაეკისრა.
მაშ ასე, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
კულუარებში ყველა საუბრობს, რომ მთავარი პროკურორის სავარძელს შალვა თადუმაძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ ამ არჩევანით კიდევ ერთხელ წააგებს და არაა გამორიცხული პოლიტიკურ სანაგვეს ისე დაენარცხოს, მარტივ მამრავლებად დაშლილები, „დაშლილებშიც“ კი არ „ჩააკოჰაბიტაციოს“ არავინ, ისე, როგორც, ეს ოცნებამ ნაცების მიმართებაში გააკეთა.
წულუკიანმა ხელები დაიბანა და მთელი „ცოდვა-მადლი“ სარჯველაძეს აკიდა, წულუკიანს სხვა გზა არ ჰქონდა, ის თადუმაძის შვილის ნათლიაა და მიუხედავად იმისა, კანონით ოჯახის წევრად არ ითვლება, მაინც ნეპოტიზმი გამოდის. ამიტომ გაექცა ამ აბრაკადაბრას წულუკიანი, ამიტომ გაიმეტა სარჯველაძე.
საქმე ისაა, რომ „ოცნების“ ფავორიტს ბატონ შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში ერთი საჩოთირო ჩანაწერი აქვს, რაც მის იურიდიულ განათლებას უკავშირდება.
შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ ის 1994-99 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. ოფიციალურ ჩანაწერში, რომელის მოძიებაც განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ, ვკითხულობთ: „თბილისის ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა, როგორც უმაღლესმა სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფუნქციონირება დაიწყო 1992 წელს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე. უნივერსიტეტს მიეცა უფლება, მოემზადებინა კადრები შემდეგი სპეციალობებით: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, სამართალმოცდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა.“
მიაქციეთ ყურადღება, უნივერსიტეტს მხოლოდ ლიცენზია აქვს, ასეთ უნივერსიტეტებს ადრე „სადარბაზოს უნივერსიტეტს“ ეძახდნენ. ანუ, უნივერსიტეტი იძლეოდა დიპლომს, რომელსაც ვერსად გამოიყენებდი. იმ დროს, როცა თადუმაძე იურიდიულ განათლებას ეუფლებოდა „სადარბაზოს უნივერსიტეტში“, პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო საინჟინროზე, ესაა 1994-98 წლები. ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ თადუმაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, არადა, ამ დროს ასეთი უნივერსიტეტი არ არსებობდა. რაც ეხება კიდევ ერთ ჩანაწერს, თადუმაძეს სამთოზე ბაკალავრიატი დაუსრულებია. ხაზგასმით – ამ დროს მსგავსი საფეხური არ არსებობდა. 1999-2001 წლებში თადუმაძე ისევ სწავლობდა იმ ეტაპზე არარსებულ ტექნიკურ უნივერსიტეტში (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად თითქმის ერთი ათეული წელია რაც მოიხსენიება), ისევ არარსებულ საფეხურზე – მაგისტრი.
აქ ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც: „2002–2010 წლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ინსტიტუციური აკრედიტაციის საფუძველზე ახორციელებდა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, თუმცა მოგვიანებით საქართველოს კანონმდებლობაში უნივერსიტეტების სტატუსთან დაკავშირებით შეტანილი საკანონმდებლო ნოვაციების შესაბამისად, უნივერსიტეტმა დააზუსტა თავისი სტატუსი, გახდა სასწავლო უნივერსიტეტი (შეიცვალა სახელწოდება, გახდა შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი) და მთავარ მიზნად დაისახა საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანი რეალიზაცია. სადოქტორო საფეხურზე უარის თქმამ, საშუალება მისცა უნივერსიტეტს აქცენტები გაეკეთებინა შრომის ბაზარზე უფრო მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე“. ანუ როცა ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში თადუმაძე სწავლობდა, ისე დაასრულა ვერ მოუსწრო ცვლილებებს“.
2005 წელს ჩატარდა პირველი ეროვნული გამოცდები და დაინერგა 3 საფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო სისტემა, ასეთ ვითარებაში ისმის კითხვა რა დაამთავრა შალვა თადუმაძემ?
არც ისე ბნელა, საზოგადოება ახსნა – განმარტებების გარეშე რომ ვერ მიხვდეს რატომ დაჭირდა თადუმაძეს პარალელურ რეჟიმში, ერთი და იგივე დროს, ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში განათლების მიღება და თან ისე, რომ ერთგან იურისპრუდენცია ესწავლა, მეორეგან სამთო ინჟინერია.

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიგამოცდების ეროვნული ცენტრი – დავალება, სადაც ტერორიზმის განმარტებაა მოცემული, ყველა თვალსაზრისით კორექტულია
შემდეგი სტატიააშშ-ში გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი გადადგა