შალვა შავგულიძე: ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს სრულად ვერ შეესაბამება

ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებულად შეფასების მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკა სრულად ვერ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მოთხოვნებს, – ამის შესახებ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შეფასებისას განაცხადა.

შავგულიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური საკანონმდებლო პოლიტიკა გამოიხატა იმ კანონების მიღებაში, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებს ნეგატიური დასკვნები ჰქონდათ.

“ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, სწორედ ეს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულად და დადებითად შეფასდა ჩვენი ქვეყნის საქმიანობა, მოგვეცა ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკა სრულად ვერ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მოთხოვნებს. ეს შეიძლება ითქვას პროკურატურის შესახებ კანონზე, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კანონზე, როდესაც ვიღებდით ნეგატიურ დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვიღებდით ნეგატიურ კანონებს. იმედი მაქვს ამასაც თანდათანობით გამოვასწორებთ საზოგადოების ძალიან აქტიური ჩართულობით, ვინაიდან ხელისუფლებას უფრო მეტად აქვს სურვილი აბსოლუტურ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა ინსტიტუცია, ვიდრე ჩვენი ინსტიტუტები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მისცემს არალეგალურ ემიგრაციაში მყოფებს დაბრუნდნენ სამშობლოში და ევროპაში წასვლის უფლება არ დაკარგონ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ინტენსიური პარტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს მომავალს