სესიაშვილისთვის დასავლურ კურსთან დაკავშირებული თემა დისკუსიას არ ექვემდებარება

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” პროდასავლური კურსი აქვს აღებული და ეს თემა დისკუსიას არ ექვემდებარება.

 

სესიაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” კურსზე ამერიკული სიმღერა “one way ticket” ახსენდება.
“დასავლურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ პრინციპულები. ჩემი აზრით, ეს თემა დისკუსიას არ ექვემდებარება. შეგვიძლია შევხედოთ, სად უფრო მეტი ინტერესების დაკმაყოფილებას მოახერხებს სახელმწიფო. ამ ერთ გზაზე და ერთი მიმართულებით გვაქვს აღებული ბილეთი. ამაზე სულ ვიხსენებ ხოლმე ამერიკულ სიმღერას, “one way ticket”. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება ერთ აზრზე არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ, პოლიტიკოსის ხელოვნებაც იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი პროდუქტი მიყიდოს მას იმ ფორმით და შეფუთვით, როგორიც მიმზიდველი იქნება”, – განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია “პირველში” სტუმრობისას.
კითხვაზე, რამდენად აქვს “one way ticket” აღებული “ქართული ოცნების” ყველა წევრს, და დარწმუნებულია თუ არა, რომ “ქართული ოცნება” იქნება ერთსულოვანი, და სწორედ ამ ხაზის ირგვლივ დარაზმავს სიას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ პარტია იმ ხაზის გამტარებელი იქნება, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო.
გადაცემის წამყვანმა სესიაშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადება შეახსენა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გადაცემაში მასთან სტუმრობისას, ნატო-სთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ სულაც არაა საქართველოსთვის მისი წევრობა პრიორიტეტი და საერთოდ არ არის თანხვედრაში იმ იდეებთან. სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი წევრები შესაძლოა “ქართულ ოცნებას” ჰყავდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათი აზრის გათვალისწინებით მიიღებენ.
“სრული პასუხიმსგებლობით და რა თქმა უნდა, შინაგანი რწმენით გეტყვით, რომ “ქართული ოცნება” პრინციპულად იქნება ამ პოლიტიკური ხაზის გამტარებელი. ქვეყანაში ის პოლიტიკა, რაც იქმნება, და ეს არის “ქართული ოცნების” სახელით, ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურია. ამ გზაზე შეიძლება რაღაც სახით ლავირება მოგვიწიოს, ესეც ბუნებრივი და ნორმალურია, თუ გინდა რომ მიზანს მიაღწიო, მარტო ერთხაზოვნად ვერ ივლი. ესეც არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც ხელოვნება ჰქვია. ამ გზაზე გუნდში შესაძლებელია, თუმცა არასასურველია, რომ მაგრამ ტრაგედიაც არ არის, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც სხვა პოლიტიკური შეხედულება, ან ამ პროცესის სხვა სახით გადმოცემის უნარი ჰქონდეთ. ეს შეიძლება მე არ მომწონდეს, მაგრამ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის, და არა გუნდის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.
banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობს