სესიაშვილი ცერცვაძის საქმეზე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანი რუსეთს არ გადაეცეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ის რუსეთის მხარეს არ გადაეცეს.

როგორც სესიაშვილი განმარტავს, ცერცვაძის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების პროცედურა როგორც ქართულ, ასევე ინტერპოლის კონსტიტუციის ნორმებს ეფუძნებოდა.

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი მის შესაძებლობის ფარგლებშია, რომ ეს ადამიანი რუსეთის სახელმწიფოს არ გადაეცეს. რაც შეეხება ყველა იმ პროცედურას, რომელიც მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას უკავშირდებოდა, ეს ყველაფერი ყველა იმ სამართლებრივ ნორმას ეფუძნებოდა, რომლითაც რეგულირდება როგორც საქართველოს, ისე ინტერპოლის კონსტიტუცია და აქ ნებისმიერი სხვა სპეკულირება არის პოლიტიკური“, – განმარტა სესიაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე ერთ-ერთი ბერკეტი და ჭანჭიკი იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აკონტროლონ – მინაშვილი