„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის მტკიცებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.
როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჰმედ იმამყულიევის სახით საფრთხეს ხედავს და მის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
„ხელისუფლება აჰმედ იმამყულიევში ხედავს თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე საფრთხეს და მის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ამ კამპანიაში ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, მათ შორის იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უკავშირდებიან და ამ კამპანიაში ითრევენ. ჩვენ ვიცით და გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომ შესაძლებელია, იმამყულიევის წინააღმდეგ ფიზიკურად დაპირისპირების პროვოცირებაც კი იყოს. ამიტომ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.