სერგეი სკრიპალს ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უშიშროების ყოფილ ორმაგ აგენტს სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა – 13 აპრილს The Guardian-ი წერს უსაფრთხოების საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მარკ სედვილის წერილზე დაყრდნობით, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან არის გაგზავნილი.

მსგავსი ტიპის დოკუმენტს, ბრიტანეთი, როგორც წესი, არ ასაჯაროვებს – გამოცემა წერს. წერილში, ასევე საუბარია იმ გარემოებებზე, რომელიც მოსკოვის მონაწილეობაზე მიუთითებს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში. “მხოლოდ რუსეთს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდილება და მოტივი” – ტერეზა მეის მრჩეველი წერს. ასევე, აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, სერგეი სკრიპალზე თვალთვალი 2013 წლიდან დაიწყო – მაშინ რუსეთის უშიშროების სამსახურმა სკრიპალის ელექტრონული ფოსტა გატეხა. სედვილი თვლის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რამდენიმე პიროვნებას უთვალთვალებდნენ, როგორც მკვლელობის დადასტურებულ ობიექტებს. ამ მიმართულებით რუსეთმა განსაკუთრებული გააქტიურება 2000 წლიდან დაიწყო.

ლონდონში რუსეთის ელჩმა ალექსანდ იაკოვენკომ აღნიშნული წერილის გასაჯაროვების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და ბრიტანელებს კითხა: “საიდან მოიტანეს იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთი უთვალთვალებდა? და რატომ მანამდე არ გაგვიგია ბრიტანელი კოლეგებისგან ამ საკითხზე პრეტენზია?”

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ლონდონთან ახლოს ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს ქიმიური ნივთიერებით. სერგეი სკრიპალი დღემდე საავადმყოფოშია. იულია სკრიპალი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოდან გაწერეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მომხრეები გამოძიების ფედერალური ბიუროს ექს-დირექტორის დისკრედიტაციას ცდილობენ
შემდეგი სტატიაერევანში სარქსიანის წინააღმდეგ მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა