სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში – ომბუდსმენის რეკომენდაცია

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დაცმველი სექსუალური შევიწროვების დარეგულირებას კანონმდებლობით ითხოვს.

„სახალხო დამცველმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც „სტამბოლის კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და ითხოვს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირებას.

წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც ხელს უშლის ქალებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა.

წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, – აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთს კრედიტი სამი მილიარდი უნდა გადაუხადოს
შემდეგი სტატია“ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ვილნიუსის მერმა საქართველოს მოქალაქეებს სიურპრიზი მოუწყო