სექსუალური კონტრრევოლუცია ანუ, იაპონია სექსის გარეშე

33იაპონელ ახალგაზრდებს უკვე აღარ უნდათ პაემანზე სიარული, დაქორწინება, ან უბრალოდ, სექსი. ეს ფენომენი, რომელსაც “ცელიბატის სინდრომი” დაარქვეს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იქნა შემჩნეული. დღეს კი სიტუაცია გაღრმავდა. ახალგაზრდა იაპონელების ასექსუალობა, შესაძლებელია, აღიქვას “ამომავალი მზის ქვეყნის” მცხოვრებლების კიდევ ერთ უცნაურობად დასავლეთისთვის, რომ არა ერთი “მაგრამ”.

იაპონიაში პენსიონერები იმაზე მეტია, ვიდრე ისინი, ვინც უნდა უზრუნველყოს საკუთარი გადასახადებით მათი ხანდაზმულობა. სამომავლოდ პრობლემა გამწვავდება, რადგანაც იაპონელებს შვილების ყოლა არ უნდათ. მსგავსი მიდგომები, სავარაუდოდ, ეკონომიკურმა კოლაფსმა გამოიწვია. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია მსოფლიოს ეკონომიკის მესამედზე და ქვეყანაზე, რომელსაც კოლოსალური სახელმწიფო ვალი აქვს, სურათი ნამდვილად შემაშფოთებლად გამოიყურება.

სიყვარული და შიმშილი მართვს მსოფლიოს, მაგრამ არა იაპონიას.
“ჩვენს ყველა მოქმედებას ორი მოტივი უდევს საფუძვლად: სურვილი, რომ გავხდეთ დიადი და სექსუალური ლტოლვა” – ამტკიცებდა ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ პარადიგმაში. მისი კონცეფცია, რომელმაც რაღაც ცვლილებები განიცადა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ინტელექტუალური მიმდინარეობა გახდა, მაგრამ ახალ ათასწლეულში გამოჩნდა ქვეყანა, რომლის ახალგაზრდობა ამტკიცებს, რომ სექსი – ცხოვრებაში მთავარი არ არის.

31 (1)

“იმისათვის, რომ ურთიერთობა გააბა, დიდი ძალისხმევაა საჭირო. უნდა გააკეთო ისე, რომ მას შენ მოეწონო, შენ ის მოგეწონოს… დასვენების დღეებზე საკუთარ გეგმებზე უარი უნდა თქვა მის გამო. არ მინდა ამის გაკეთება” – ამბობს იუკასი ტაკახასი “ბიბისისთან” ინტერვიუში. სიუჟეტის ავტორი, რომლის გმირიც ახალგაზრდა გახდა, კონსტატირებს: იაპონელი ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ადევნებენ ამინეს გმირის სასიყვარულო თავგადასავლებს თვალყურს, მაგრამ თვითონ რომანებში გახვევა არ უნდათ.

ეს პრობლემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სოციოლოგებმა ახალგაზრდა იაპონელების ქორწინებისა და ინტიმური ურთიერთობებისადმი ინტერესის კლება დააფიქსირეს. 2011 წელს იაპონიის მოსახლეობის ეროვნულმა და სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტმა მოიყვანა მონაცემები იმის შესახებ, რომ დაუოჯახებელი მამაკაცების 61%-ს და ქალების 49%-ს 18-დან 34 წლის ასკამდე არანაირი რომანტიული ურთიერთობები არა აქვთ. იაპონიის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციამ კი გამოარკვია, რომ 16-დან 24 წლის ასაკამდე გოგოების 45% “არ არიან დაინტერესებული სექსუალურ კონტაქტით და მისდამი უარყოფითადაც კი არიან განწყობილი.”
მოგვიანებით გაირკვა, რომ 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 41,6% არასდროს იყო პაემანზე, 34 წლის ასაკში იაპონელების 26%-ს ჯერ კიდევ სექსუალური კონტაქტი არ ჰქონიათ. 2014 წელს “ჯეფას” მიერ ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ 17,9% რესპოდენტ-მამაკაცემს სექსი არ აინტერესებთ. 25-29 წლის კატეგორიის მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 20,3%.

 

იაპონიაში ქორწილს “კარგ საქმეს” ვერ დაარქმევ და მას მუქი ელფერი დაკრავს: წყვილების თითქმის ნახევარმა (44,6%) აღიარა, რომ მათ სექსი არა აქვთ. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი სამი პუნქტით დაბლა იყო.
მამაკაცების 10%-მა და ქალების 23,8%-მა სექსს “დამღლელი” უწოდეს, რესპოდენტი მამაკაცების 4,5%-მა და ქალების 5,9%-მა აღიარა, რომ მათ უფრო საინტერესო ჰობი აქვთ, ვიდრე ინტიმური ურთიერთობა.

32 (1)

ამ მონაცემების შემდეგ, ალბათ, არ გაგვიკვირდება, თუკი კვლევებში, რომელიც კომპანია Durex-მა 41 ქვეყანაში ჩაატარა, იაპონიამ კატეგორიაში “სექსუალური კონტაქტების რაოდენობა წელიწადში” ბოლო, 41-ე ადგილი აიღო. იაპონელები სექსით 12 თვის მანძილზე საშუალოდ 45-ჯერ არიან დაკავებული. შედარებისთვის: ბოლოს წინა ადგილზე მყოფ სინგაპურში იგივე მაჩვენებელი 73-ია წელიწადში. ეს სტატისტიკა უფრო მძიმედ გამოიყურება დღეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ის 2005 წელს არის ჩატარებული და მას შემდეგ სიტუაცია თუ შეიცვალა, ნამდვილად არა უკეთესობისკენ.

იაპონელების სექსისადმი ინტერესის დაკარგვამ “ცელიბატის სინდრომის” სახელი მიიღო. ეს მოვლენა უფრო მეტად გასაკვირია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლები ისტორიულად ასექსუალურები არასდროს ყოფილან. ევროპისგან განსხვავებით, კავშირები აქ არასდროს ითვლებოდა სათაკილოდ და ცოდვად და ჩვეულებებიც საკმაოდ თავისუფალი იყო. ამიტომ, უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენები, რბილად რომ ითქვას, გასაოცარია.

ცხადია, ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თეორია იქნა წამოყენებული. მაგალითად, ქორწინება და ბავშვი თითქმის გარანტირებულად უსმევს იაპონელის კარიერას ჯვარს. რადგანაც ქალებს, იაპონიის კორპორატიულ სისტემებში დიდი ძალისხმევა სჭირდებათ თავის დასამკვიდრებლად, სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ, ძალიან ცოტას თუ უმსხვერპლია ოჯახის გამო კარიერა. მეორე თეორია ამბობს, რომ იაპონელი მამაკაცები სექსუალურ მიმზიდველობას კარგავენ. 2006 წელს სპეციალური ტერმინიც კი წარმოიქმნა “ბალახჭამია მამაკაცები”. ეს ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალი იაპონელები არიან, პრინციპში, საპირისპირო სქესით დაინტერესებულები, მაგრამ ტრადიციული გენდერული როლის შესასრულებლად მოუმზადებლები, ანუ, მათ არ უნდათ ქალის გულის მოგება, ინიციატივის აღება, ყურადღების მიქცევა და სექსი. პასუხი შეკითხვაზე “როგორ მივიდნენ იქამდე სამურაების შთამომავლები, რომ რობოტებით და ანიმეთი უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ქალებით?” ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

სექსის და საქორწინო ურთიერთობების არქონის სურვილი კიდევ ერთი სასწაული იქნებოდა, რომლითაც იაპონელები განთქმული არიან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ანომალიას უწყინარს ვერ უწოდებ. “ცელიბატის სინდრომის” შედეგად 2015 წლის მონაცემებით 1 000 008 ბავშვი დაიბადა (1,302 000 მოხუცი გარდაიცვალა). მარტივი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ერთ წელში ქვეყანაში მოსახლეობა 300 ათასი ადამიანით შემცირდა.

34

გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონიაში ყოველ წელს 2 მილიონი ბავშვი იბადებოდა. 1984 წლისთვის ეს მაჩვენებელი მილიონ ნახევრამდე შემცირდა, 2005 წელს კი 1,1 მილიონი გახდა. დემოგრაფების გამოთვლით, საუკუნის შუა წლებისთვის იაპონიის მოსახლეობა 30%-ით შემცირდება.
არ შეიძლება ითქვას, რომ ეს წმინდა იაპონური პრობლემაა: ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იგივე ტენდენცია მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომელიც იაპონიას საერთო ფონზე გამოარჩევს.

პირველ რიგში, ეს იაპონიის ცხოვრების დონის ძალიან მაღალი სტანდარტები და სამედიცინო მომსახურებაა, რომელსაც შეეჩვივნენ ადგილობრივი პენსიონერები. სიკვდილიანობის საშუალო ასაკი 80 წელია და ის ყოველწლიურად იზრდება. იმის გარანტია, რომ საკუთარ სიბერეს კომფორტში გაატარებენ, არის გადასახადები, რომელიც სტაბილურად იდება სახელმწიფოში, მაგრამ თუკი ქვეყანაში ახალგზრდები ნაკლები არიან და მოხუცები მეტი, იქმნება პრობლემა.

მეორე, იაპონიის ეკონომიკაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ქვეყანას დიდი ოდენობის ვალი აქვს.
2014 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალმა 1,03 კვადრილიონი იენი შეადგინა. კვადრილიონი. ნორმალურ ადამიანს სჭირდება ლექსიკონი, რომ გაიგოს რა ერთეულზეა საუბარი 15 ნულით. შეიძლება ეს რიცხვი ჩვენთვის უფრო გასაგებ ვალუტაში გადავიყვანოთ, მაგრამ ამით ნამდვილად უფრო გასაგები ვერ გახდება – 8 ტრილიონ 654 მილიარდი დოლარი. წარმოუდგენლად დიდი თანხა. იაპონური ობლიგაციების მფლობელები ისევ იაონელები არიან. ქვეყანას საკუთარი თავის ვალი აქვს დღეს და მისი მოვალეები საკუთარი მოქალაქეები არიან.

ამასთანავე, იაპონია ეს მსოფლიო ეკონმიკის მესამედია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი გია გაჩეჩილაძესთან “მაესტროს” თემის განხილვას უარყოფს
შემდეგი სტატიარუსეთში ნავთობის გაყიდვიდან შემოსავალი 42%-ით დაეცა