სეფსისის ცენტრთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს

შსს გვიან ღამით, სეფსისის ცენტრთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

შსს-მ უკვე დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელმაც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს, თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი „გეკოს“ ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით)“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიუამინდობა საქართველოში
შემდეგი სტატია0:2-დან 4:2-მდე… კანადამ რუსეთს ყინულზე სერენადა უმღერა (ვიდეო)