სენაკში გამგეობის წევრს თანამდებობა ,,ლაიქების,, გამო დაატოვებინეს

ზოგიერთი ოპოზიციიონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით ნელ-ნელა ჩრდილოეთ კორეულს ემსგავსება, ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტებით მყარდება… ერთ-ერთ ასეთ ფაქტს კი – სენაკში ჰქონდა ადგილი.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკის გამგეობის აუდიტის სამსახური სუს-თან ერთად ,,ფეისბუქშიც,, უთვალთვალებს საკუთარ თანამშრომლებს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ფოტოების მოწონებაც (,,დალაიქება,,) კი – სოციალურ ქსელში, მათ მიმართ თანამდებობის დატოვების საფუძველი ხდება.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ ,,თაიმერს,, განუცხადა, სენაკის გამგეობის ეკონომიკის, დაგეგმარების, სტატისტიკისა და განვითარების სამსახურის უფროსის – ზურაბ ტყებუჩავას თანამდებობრივი მდგომარეობა, სწორედ სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ,,ფეისბუქში,, განთავსებულ ფოტოებზე საახალწლო მილოცვა-კომენტარებსა და სხვა ფოტოებზე დასმულ ,,ლაიქებს,, შეეწირა… თუმცა თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებში, აუდიტის სამსახური როგორც წესი, სულ სხვა მოტივაციას უთითებს ხოლმე.
,,თაიმერი,, თავად ზურაბ ტყებუჩავას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ის სწორედ სოციალურ ქსელში აქტიურობის, გამგეობის ხელმძღვანელობისათვის ,,მიუღებელი ხალხის,, ფოტოებზე გაკეთებული მილოცვებისა და ,,ლაიქების,, გამო მოხსნეს სამსახურიდან…


,,სენაკი პატარა რაიონია და აქ ყველა ერთნაეთს იცნობს… ვიღაც მეგობარია, ვიღაც ნათესავი ან ნათესავის მეგობარი. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა და მეგობრობაც გვიწევს… სხვანაირად აქ ვერ იცხოვრებ… გამგეობის ხელმძღვანელობას ძალიან არ მოეწონა, რომ მე ოპოზიციური პარტიის წევრებს შობა-ახალი წელი მივულოცე… რომ მათ ფოტოებს ,,ვალაიქებდი,, და ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს და ცოტა ხანში გამანთავისუფლეს კიდევაც. არ ვიცი აუდიტის სამსახური რას ჩამიწერს განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, ჯერ არ მოუციათ დოკუმენტი… მაგრამ ის აბსურდული მიზეზი, რის გამოც რეალურად გამანთავსუფლეს – ჩემთვის ნათელია,, აცხადებს ზურაბ ტყებუჩავა ,,თაიმერთან,, საუბარში.
სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი აუდიტის სამსახურის მიერ გამოგონილი საბაბით ბოლო წლების განმავლობაში თანამდებობიდან განთავისუფლებული ადამიანებიდან რამდენიმემ, სასამართლოში შეიტანა სარჩელი და თავის დაცვა სცადა, თუმცა ამ სარჩელებზე რეაგირებას, ჩვენი ინფორმაციით, სასამარათლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში აჭიანურებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია: ღმერთმა გვაშოროს, პათეთიკურად ,,წინ – წარსულისაკენ,, დევიზით ცხოვრებამ მორიგ წითელ ხაზამდე მიგვიყვანოს…
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციებმა “რუსთავი 2”-ის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს