სენაკში გამგებლობისთვის ომი დაიწყო

სენაკში, დღეს უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ მოახლოებულ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით, რაიონის გამგებლის სავარძლისთვის მებრძოლ ორ სახელისუფლო კანდიდატს შორის გაჩაღებულ ომზე, სადაც ,,ოცნების,, წევრი ადგილობრივი გამგებელი და ,,ოცნების,, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე – ერთმანეთს უპირისპირდებიან.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკის მოქმედი გამგებელი გოჩა დგებუაძე არ აპირებს დათმობაზე წასვლას და საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ დასაყენებლად – აქტიურად აპირებს ბრძოლას. დგებუაძის მეტოქე – კახაბერ რუსია, რომელიც სენაკის ,,ოცნების,, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორის პოსტსაც იკავებს, გამგებლის პოსტის ხელში ჩასაგდებად, პარტიის აქტივსა და საკუთარ ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებით, საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობის დაშანტაჟებასაც არ ერიდება.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, კახაბერ რუსია პარტიის მხარდამჭერებისაგან და დაქირავებული ადამიანებისაგან შემდგარ გარკვეულ ჯგუფს ამზადებს თბილისში წასაყვანად  და პარტიული ,,ბოსებისთვის,, ზეწოლის მოსახდენად, რათა გამგებელ დგებუაძის კანდიდატურაზე უარი თქვან და პარტიამ მისი კანდიდატურის დაყენება მოითხოვოს. ,,თაიმერის,, წყაროს ინფორმაციით, რუსია ამ მიზნისთვის პარტიის წევრებთან ერთად, საკრებულოში მისი მომხრე დეპუტატებისა და უშუალოდ გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფი, ზოგიერთი რწმუნებულის გამოყენებასაც აპირებს.
ორ ზემოხსენებულ პიროვნებას შორის ფარული პოლიტიკური ომი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში კახაბერ რუსიამ საინიციატივი ჯგუფებით გაყვანილი მისი მხარდამჭერი საკრებულოს დეპუტატების მეშვეობით, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, თუმცა ,,ოცნების,, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თბილისიდან, რუსია აიძულა გადამდგარიყო თანამდებობიდან და სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორის პოსტს დაჯერებულიყო. 2015 წელს, ხელისუფლებიდან ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, კახაბერ რუსიამ პირველი რევანში აიღო სენაკის მოქმედ გამგებელზე, რომელიც კახა კალაძის მხარდაჭერით, ,,ქართული ოცნების,, რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა და თავად დაიკავა მისი ადგილი. სწორედ მაშინ, რუსიას შტაბმა კულუარულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დგებუაძის მოღვაწეობა 2017 წელს დასრულდებოდა სენაკში და რაიონის ახალი გამგებელი, პარტიის ცენტრალური ოფისის მხარდაჭერით, რუსია გახდებოდა… რაც ბევრ სენაკელს სრულიად მოსალოდნელ მოვლენად მიაჩნდა. ამ ამბებიდან გავიდა 2 წელი და დღეისთვის გამგებლის თანაპარტიელ კონკურენტს, განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება უხდება დაპირებულის მისაღებად. რაც შეეხება სენაკის გამგებელ გოჩა დგებუაძეს, ეტყობა ,,ქართული ოცნების,, ცენტრალურ ოფისში მასაც გამოუჩნდა ,,პატრონი,, რადგან ,,ქუდის დახურვაზე,, უარს აქტიურად აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ კახაბერ რუსია შევარდნაძის ხელისუფლბის დროს (2001-2003 წწ.) სენაკის მერი იყო, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების დროს (2003-2007წწ.) – რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშისულ მცირე, სამსახურეობრივი გულგრილობაა ჩადენილი – ჟურნალისტის ადვოკატი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ფინანსური პოლიციის უფროსად გიორგი თვაური ინიშნება?