სენაკის გამგებელი მორიგ სკანდალში ეხვევა…

ახალდარგული ალეანდრას ბუჩქები გოჩა დგებუაძის სახლის წინ
ახალდარგული ალეანდრას ბუჩქები გოჩა დგებუაძის სახლის წინ

სენაკის საკრებულოს დეპუტატი ინგა ქარდავას განცხადებით, რაიონის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, კეთილმოწყობის სამსახურს  ქალაქის ცენტრში ყვავილოვანი ბუჩქების ამოთხრისა და საკუთარი სახლის გვერდით, გაზონზე დარგვის განკარგულება გასცა…

როგორც ,,თაიმერთან,, საუბარში ინგა ქარდავა აცხადებს, სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებს ბოლო არ უჩანს…

 

ალეანდრას ბუჩქების ამოძირკვის ადგილი სენაკის ცენტრში
ალეანდრას ბუჩქების ამოძირკვის ადგილი სენაკის ცენტრში

,,გუშინ 2 დეკემბერს, სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარის ალეანდრას ბუჩქები ამოათხრევინა, რომლებიც იქ კომუნისტების პერიოდიდან ხარობდნენ და ლესელიძის ქუჩაზე საკუთარ სახლის გვერდზე, გაზონზე დაარგვევინა… ამ მრავალწლიანი ნარგავების ქალაქის ცენტრიდან ამოძირკვას, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამგეობის კეთილმოწყობის თანამშრომელი პაატა ბაღათურია და ინეზა მელიაც ესწრებოდა. იქვე მყოფმა ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა მრავალწლიანი მცენარეების ამოძირკვის გამო, რასაც გამგეობის თანამშრომლების გაქცევა მოაჰყვა იმ ადგილიდან… მათ მარტო დატოვეს კეთილმოწყობის სამსახურის მუშები. 

4მას შემდეგ სოციალური ქსელით ხმაური ავტეხე ამ ფაქტის გამო, გამგებელ დგებუაძეს შეეშინდა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, უკვე მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად გადარგული ამ მცენარეების ამოთხრა და ეკლესიის ეზოში შეტანა დაავალა. რაც ამ საღამოსთვის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა შეასრულეს. მათ ურიკებით შეაგორეს ალეანდრას ორჯერ ამოთხრილი ნერგები ქალაქის ცენტრში ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში. 

მინდა აღვნიშნო, სავარაუდოდ კიდევ ორი ნერგი ამ მცენარისა,  გადავარჩინეთ ქალაქის ცენტრიდან ამოძირკვას, რადგან ვნახე, რომ დგებუაძის სახლთან, ორი ახალი ბუჩქის დარგვის პარალელურად, კიდევ ორი ორმო იყო ამოღებული, რომელსაც ამ წუთებში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ხრეშით ავსებენ.

სხვა საშუალებებთან ერთად, თქვენი სააგენტოს მეშვეობით მივმართავ რაიონის გამგებელს გოჩა დგებუაძეს! სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ დააბრუნოს მრავალწლოვანი ყვავილოვანი ხეები თავის ადგილზე! იქ საიდანაც უკანონოდ ამოძირკვა! თუ ეკლესიის გალამაზება და მისი დახმარება უნდა, თავისი ფულით უყიდოს ეკლესიას ყვავილები და სხვა მცენარეები. თავი დაანებოს სახელმწიფო ქონების თავისი საკეთილდღეოდ გამოყენებას.  მითუმეტეს, რომ ეს პირველი ფაქტი არაა რაც მას ვამხელთ მსგავს ქმედებებში…

თუ ჩემი მოთხოვნა ხვალვე არ შესრულდება, ხვალიდან გამგეობის შენობაში შიმშილობის აქციას ვიწყებ!,, აცხადებს ინგა ქარდავა, რომელმაც თავისი სიტყვების დამადასტურებელი ფოტომასალაც გადასცა ,,თაიმერს,,

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიშშმ პირთა მხარდაჭერის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პირველ ლედის სიგელი გადასცეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება