სენაკელი ,,ბეზპრედელი,, მეტსახელად ,,გოჩუ-ხანი,, …

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებრივ აზრს და მედიას გაცილებით უფრო ნაკლებად სცემენ პატივს, ვიდრე ამას ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს… შესაბამისად, რამდენადაც ნაკლებად აქცევს ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს ცენტრალური ხელისუფლება, ორჯერ უფრო ნაკლებია ადგილებზე არსებული საზოგადოებისა თუ ინტელიგენციის აზრის გათვალისწინება – ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, არაფერს ვამბობთ რეგიონალური მედიისა და მის მიერ გაშუქებული პრობლემებისადმი რეგიონალური თუ რაიონული დონის ჩინოვნიკების დამოკიდებულებაზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს…

ქართული მედია და მისი რეგიონალური სამსახურები ხშირად საუბრობენ იმ ლოკალურ პრობლემებზე, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს მწვავედ აწუხებს, თუმცა… თუ ეს პრობლემები ცენტრალური მედიისა და ცნობილ პოლიტიკოსთა საყოველთაო განხილვის საგნად არ იქცა, ადგილობრივ ხელისუფლებას არც ზევიდან აწუხებს ვინმე და არც თავს იწუხებს პრობლემის მოგვარებით, როგორც წესი…

რეგიონის დონეზე საზოგადოებრივი აზრისა და მედიაში გაშუქებული პრობლემების უგულვებელყოფა საქართველოს ბევრ რაიონსა თუ ქალაქში ხდება, თუმცა როგორც ჩანს ამ მხრივ ,,ჩემპიონებიც,, არსებობენ და ერთ-ერთი ასეთი ,,ჩემპიონი,, – სენაკის რაიონის ხელმძღვანელობაა.

სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე
სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე

ჩინეთში გახშირებული ვიზიტებისა და მოსახლეობისათვის ჩინური ინვესტიციების ცრუ დაპირებების გამო, სენაკის საკრებულოს დეპუტატების მიერ ,,გოჩუ-ხანად,, წოდებულ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა დგებუაძის დამოკიდებულება კრიტიკული საზოგადოებრივი აზრისა და ამასთან დაკავშირებით მედიის მიერ გაშუქებული პრობლემებისადმი, შეიძლება მხოლოდ ერთი ჟარგონული სიტყვით შეფასდეს… ,,ბეზპრედელი,,! ამ შეფასების დამატასტურებელ არგუმენტებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

სენაკის რაიონი პატარაა და აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს… რაიონში ნებისმიერი ბავშვისთვისაც კი ცნობილია, რომ 2013 წელს რაიონის გამგებლად გოჩა დგებუაძის დანიშვნიდან, კოალიცია ,,ქართული ოცნების,, თითქმის ყველა წევრი და მხარდამჭერი, რომლებიც კოალიციის ოპოზიციაში ყოფნის დროს, გარკვეული რისკის ფასად მხარს უჭერდნენ ,,ქართულ ოცნებას,, – რაიონის გამგებლის წყალობით, როგორც მმართველი პარტიების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს მიღმა აღმოჩნდნენ. სამაგიეროდ დგებუაძემ დიდი სიხარულით შეუწყო ხელი ,,ნაციონალებში,, წლების განმავლობაში მოკალათებული მედროვეების, კორუმპირებულების, დამსმენებისა და არჩევნების გამყალბებლების მისვლას ,,ქართულ ოცნებაში,, და შესაბამისად რაიონულ დონეზე პარტიულ სიებში და სახელმწიფო სრუქტურებში მათ მიყვანას. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მმართველ რგოლებში დასაქმებული და საკრებულოს სახელისუფლო ფრაქციაში მყოფი დეპუტატების 98% ,,ნაციონალური მოძრაობის,, ყოფილი წევრი და მხარდამჭერია. მათ შორის არიან სააკაშვილის მმართველობის დროს სენაკში ,,ნაციონალური მოძრაობის,, ყოფილი თავმჯდომარე, საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, რომლებიც მუდმივად გაყალბებული არჩევნების დროს საარჩევნო კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარეები იყვნენ… გოჩა დგებუაძემ იმდენი ,,მოახერხა,, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში რაიონში ლამის ერთადერთი ხმის ამომღები და იმდროინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ქალბატონი ინგა ქარდავა, დღეს ,,ქართული ოცნების,, ოპოზიცონერ პოლიტიკოსად ზის რაიონის საკრებულოში. ყოველივე ზემოთქმულის შესახებ არაერთი მასალა გამოუქვეყნებია ,,თაიმერს,,… ოპონენტებს კი, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დასადასტურებლად შეგვიძლია უთვალავი მტკიცებულება წარვუდგინოთ.

გარდა ამისა, სენაკის გამგებელი – ოპოზიციის მიერ რამდენიმეჯერ იქნა დადანაშაულებული კორუფციაში და ეს მოვლენები როგორც რეგიონალურმა ასევე ცენტრალურმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს… წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ გამგებლის ძმების მფლობელობაში მყოფ კომპანიებს კონკურსის გარეშე გადეცათ რამდენიმე სახელმწიფო შეკვეთა, დგებუაძემ ურცხვად განაცხადა, რომ ის ამ პერიოდში რამდენიმედღიან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ საქმესთან არანაირი კავშირი არააქვს. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კი, ამ ფაქტს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, რამაც ,,გოჩუ-ხანის ბეზპრედელობა,, მედიისა და საზოგადოებრივი აზრის მიმართ კიდევ უფრო განამტკიცა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში იმდენად არიან დარწმუნებულები, რომ სხვის აზრს და გადაწყვეტილებებს პატივს არ სცემენ… და ასეთი ადამიანების გაგება რაღაც ლოგიკით შესაძლებელია… თუმცა ასეთი ადამიანების სიას სენაკის გამგებელი ნამდვილად არ მიეკუთვნება… რადგან ის არამარტო სხვის, არამედ ხშირ შემთხვევაში საკუთარ აზრს, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც არ სცემს პატივს. ამის დადასტურებაა ის რამდენიმე სოფლის რწმუნებული, რომლებიც სენაკის გამგებელმა ადგილობრივი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად, თვითონ დანიშნა და მცირე დროში, იგივე მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლადვე მოხსნა თანამდებობიდან…
როგორც ,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, საკურორტო სოფელ მენჯში სენაკის გამგებლის მიერ ახალდანიშნული რწმუნებული ვალერი კუჭავა მხოლოდ იმიტომ აითვალწუნა მისივე დამნიშნავმა გოჩა დგებუაძემ, რომ ის გამგებლის მიერ მოწყობილ თათბირებზე თავისი სოფლის მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებზე ,,ზედმეტ შეკითხვებს,, სვამდა… ზემოხსენებული რწმუნებული, სხვა უკეთეს სამუშაოზე გადაყვანის დაპირებით, აიძულეს თავისი ნებით განცხადება დაეწერა – სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ…. ეს ადამიანი ,,თაიმერის,, ინფორმაციით დღესაც დაუსაქმებელია.

შიდა აუდიტის თანამშრომელი მერაბ ბასილაია
შიდა აუდიტის თანამშრომელი მერაბ ბასილაია

უფრო უარესი სიტუაციაა სოფელ ეკში, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე მე-5-ე რწმუნებულს ნიშნავენ… აქედან 4 გოჩა დგებუაძის დანიშნულია. აღსანიშნავია, რომ გამგებელი, მის მიერ დანიშნული ,,დროებით,, რწმუნებულებს, თუ მათ მოსახლეობა კარგად მიიღებს, თავად უქმნის პრობლემას, თუ არ მიიღებენ კარგად – მაშინ ნებისმიერი ხერხებით მის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან მისი აზრით, მოსახლეობის ნების გათვალისწინების ნაცვლად, რწმუნებულმა მხოლოდ გამგებლის ჭკუაზე უნდა იაროს… ,,ურჩებს,, კი- სჯის… დამსჯელად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, ყოფილი პოლიციელი მერაბ ბასილაია ჰყავს გამოყოფილი, რომელმაც სოფელ ეკში, ივლისის თვეში თავად გოჩა დგებუაძის მიერ სოფლის აზრის გაუთვალისწინებლად დანიშნულ ახალგაზრდა კაცს, ლევან ცხაკაიას, საბჭოთა მილიციის მეთოდებით, ძალიან ბინძური და კანონსაწინააღმდეგო კამპანია აუგორა… ამ კამპანიაში, გოჩა დგებუაძემ მისი რამდენიმე მხარდამჭერი და სოფელში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ზოგიერთი დაინტერესებული თანამშრომელი ფარულად ჩართო.
ეკის თემის ახალდანიშნულ (რიგით მეოთხე) რწმუნებულს, ლევან ცხაკაიას, დანიშვნიდან 3 თვის თავზე, შიდა აუდიტის თანამშრომელმა მერაბ ბასილაიამ განუცხადა, რომ მას საკუთარი ნებით უნდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ… რამეთუ რაიონის გამგებელს ასე უნდოდა… რაზეც ლევან ცხაკაიასაგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
xelmowerebi,,მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, რომლის რწმუნებულადაც დავინიშნე, ჩემთვის ნაკლებად ნაცნობი ადამიანები ცხოვრობდნენ, მოსახლეობამ კარგად მიმიღო და მალევე დავამყარა ხალხთან ნორმალური კონტაქტი. ვცდილობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, პირნათლად შემესრულებინა ჩემთვის დაკისრებული მოვალეობები და გამეზიარებინა მოსახლეობის გულისტკივილი, დავხმარებოდი მათ პრობლემების მოგვარებაში შეძლებისდაგვარად, რაზედაც მოსახლეობის მხრიდან ვგრძნობდი თანადგომას… თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, სენაკის რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან ვგრძნობდი უგულვებელყოფას და გარკვეულ ზეწოლას ჩემს წინააღმდეგ, რაც გადაიზარდადა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის კონკრეტული წევრის, მერაბ ბასილაიას მხრიდან ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიაში. აუდიტის სამსახურის ზემოხსენებული წარმომადგენელი, ჩემს წინააღმდეგ იყენებდა სოფელში გარკვეული პირების მიერ ზეწოლით და მოტყუებით შეგროვილ ჩემს საწინააღმდეგო განცხადებებს (რის გამოც შეცდომაში შეყვანილმა ადამიანებმა საჩივარიც კი შეიტანეს გამგეობაში) … სამხედრო რეჟიმის მსგავსად აკონტროლებდა ჩემს ყოფნას სამუშაო ოფისში, ისე, რომ მოსახლეობასთან შეხვედრასაც კი, სამსახურიდან მოცდენად მითვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევეცადე შევხვედროდი სენაკის გამგებელს და გამერკვია, თუ რატომ ხდებოდა მსგავსი ქმედებეი ჩემს წინააღმდეგ, მან არ ისურვა ჩემთან შეხვედრა, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდიდა ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.

მიუხედავად სოფლის მაცხოვრებელთა მხრიდან ჩემს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა, რაც ერთ დღეში 140-მდე მოსახლის მიერ ხელმოწერილი მხარდამჭერი წერილით გამოიხატა, რაიონის შიდა აუდიტის მხრიდან არ შეწყვეტილა ჩემს მიმართ წარმოებული კამპანია, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ პირდაპირ მითხრეს – ჩემი ნებით დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და სანაცვლოდ თითქოსდა სხვა სამსახურს მთავაზობდნენ, რაზეც ჩემგან მიიღეს უარი.
მართალი გითხრათ, პირადად მე ვერ ვხდები რატომ დასჭირდა რაიონის ხელმძღვანელობას ჩემს წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა, რადგან მე არც რაიონის ხელმძღვანელობის მოწინააღმდგე ვარ და სოფლის მოსახლეობამაც მხარი დამიჭირა. ამასთანავე ვარ და ვიქნები ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერი.
29 ოქტომბერს გამგეობიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი განთავისუფლების ბრძანებაა დაწერილი.
პირადად მე, არ ვაპირებ შევეგუო ჩემს მიმართ განხორციელებულ მსგავს უსამართლობას და ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები.,, აცხადებს ყოფილი რწმუნებული ,,თაიმერთან,, საუბრისას.
ყოფილი რწმუნებულის ნაამბობიდან ირკვევა, რომ მისი დამნიშნავი რაიონის გამგებელი თავს არიდებდა საკუთარ რწმუნებულთან შეხვედრსასაც კი, რომ არაფერი ვთქვათ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, რომელიც გოჩა დგებუაძეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არ განუხორციელებია. წინასაარჩევნო პერიოდშიც, დგებუაძე სოფლებსა და უბნებში მხოლოდ იმ ადამიანებს ხვდებოდა, რომლებიც მისი მხარდამჭერები იყვნენ, რათა კრიტიკული აზრით და მოსახლეობის პრობლემებით ,,ზედმეტად არ გადატვირთუიყო,,.

ubu-464როგორც ,,თაიმერთან,, საუბარში სოფელ ეკში მცხოვრები 18 წლის ი.გ. აცხადებს, რაიონის გამგებლის მიერ მისივე დანიშნული და შემდეგში არასასურველად მიჩნეულ რწმუნებულების დამსჯელად მივლენილმა შიდა აუდიტის თანამშრომელმა მერაბ ბასილაიამ, მას ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში, მისი მშობლების არყოფნის დროს მანქანით სახლში მიაკითხა და ერთ-ერთ აიპი-ში მომუშავე დეიდამისი მიუყვანა… დეიდამ და მერაბ ბასილაიამ, ჯერ ამ ახალგაზრდას ცარიელ ფურცლებზე მოაწერინეს ხელი, ხოლო შემდგომ დეიდისვე კარნახით დააწერინეს რწმუნებულის, ლევან ცხაკაიას საწინააღმდეგო საჩივარი, რაზეც შემდგომში ამ ახალგაზრდას მშობლებმა პროტესტი გამოხატეს. გარდა იმისა, რომ ამ ახალგაზრდის მიერ სხვისი კარნახით დაწერლ საჩივარში მოხსენიებული ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, თავად აუდიტის თანამშრომლის მერაბ ბასილაიას მიერ განხორციელებული ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაზეც შესაბამისი ორგანოები უნდა დაფიქრდნენ.

მაშინ, როდესაც რაინიოს მოსახლეობის 70 %-ზე მეტი დაუსაქმებელია, სოფლად ხალხს ნორმალური გზები, ხიდები არააქვს, ყვავის საქონლის ქურდობა, სატყეო დეპარტამენტის მიერ მოფიქრებული გაუზრებელი რეგულაციების გამო მოსახლეობას ტყეში შეშა ვერ მოუჭრია და საკუთარ ეზოებში ასწლოვან ხეებს დარევია, უკიდურესად გაჭირვებულებს კი თავიანთი სტატუსი ვერ დაუდგენიათ, რაიონის გამგებელი იცლის იმისთვის, რომ მისივე დანიშნული რწმუნებულებს პირადი ერთგულების ტესტები უტაროს და მათ წინააღმდეგ ინტრიგები ხლართოს… იცლის, ზეიმები მოაწყოს და როგორც საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებს, რესტორანში ხალხის ანგარიშზე ისეთი ღრეობები მართოს, რომელიც ჩხუბში და თავპირისმტვრევაში გადადის… იცლის ყველაფრისთვის გარდა იმისა, რომ მოსახლეობის პრობლემებს და საზოგადოების აზრს მმოუსმინოს… ვერ იცლის ვერანაირი კრიტიკის მოსასმენად, რადგან კრიტიკა პრობლემას მოჰყვება ხოლმე და მოგვარებას მოითხოვს, ხოლო მოსახლეობის პრობლემის მოგვარება ფინანსურად არც ისე მომგებიანი საქმიანობაა.

სენაკის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ზოგადად არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე არაა, თვლის, რომ თუ ,,ოცნებას,, სენაკის გამგებლის მსგავსი გამგებლები ეყოლება რაიონებში, სერიოზულად იზარალებს მომავალ არჩევნებში, რომელიც სულ რაღაც ერთ წელიწადში გაიმართება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაში„საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები”
შემდეგი სტატია,,საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის”