სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გასვლით სხდომაზე, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით (INL) ჩატარდა, კახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის განვითარების პროცესში საბჭოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, სისტემის მართვის თავისებურებებზე ისაუბრა და ასევე, აშშ-ს საელჩოს საქართველოში და INL-ს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გაცნობა სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევქმენით საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაინტერესებული პირების და ახალი მონაწილეების მისაღებად ახლაც ღიაა.

ეს ფორმატი საშუალებას იძლევა ღიად ვისაუბროთ ყველა საკითხზე და ნებისმიერ შეკითხვას გავცეთ პასუხი. ყოველთვის მზად ვარ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის და მათი რეკომენდაციების გაცნობისთვის, ასევე, ყველა იმ წინადადებისა და პროექტის განხილვისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მინისტრმა.

კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების ძირითადი მიზანი სისტემაში ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ კი, წესრიგისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფაა.

მან საბჭოს წევრებს ის ნოვაციები გააცნო, რომლის დანერგვასაც სამინისტრო, საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გეგმავს, მათ შორისაა: მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება, შინაპატიმრობის შემოღება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელის აღნიშნული სახის ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, ასევე, სიახლეები პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხთან და პენიტენციურ დაწესებულებაში 3 წალმდე ასაკის ბავშვებთან ერთად მყოფ მსჯავრდებულ დედებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მსჯავრდებულ დედას, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო პენიტენციური დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, საშუალება მიეცემა შაბათ-კვირას დაწესებულება დატოვოს და ეს დრო შვილთან გაატაროს. ამასთან, მინისტრმა სისტემის მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვაზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაციაზე, რისკის გადაფასების შესაძლებლობებზე, მსჯავრდებულთა დასაქმების, განათლებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროგრამებზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან საბჭოს მუშაობაში ასევე, მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა დეტალურად საბჭოს წევრებს უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაში, მონაწილეობდნენ პენიტენციური, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები, რომლებმაც თავიანთი დეპარტამენტების საქმიანობის სფეროების შესაბამისად, საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

სხდომაზე დისკუსია გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს პატიმართა დასაქმების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით შექმნილი ონლაინმაღაზიის (online.moc.gov.ge) პროექტები, დაგეგმილი ცვლილებები და საბჭოს ფორმატში შეხვედრები. ამასთანავე, კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს.

INL-ის მრჩევლის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში ენტონი სტრეველერის განცხადებით, საბჭოს შეხვედრა ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის წარმოებასა და მის განვითარებაში.

„აშშ-ს საელჩოს INL-ის განყოფილება სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრას. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დიალოგი და შესაძლებლობა მინისტრისა და სამინისტროსთვის, რაც საშუალებას იძლევა შეთავაზებული ინიციატივები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იქნას განხილული პოლიტიკის შემუშავების ადრეულ სტადიაზე, შემდგომ კი, გამოთქმული წინადადებების გაანალიზება და გათვალისწინება მოხდეს. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის გამოვყოფდი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში იქმნება. ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ახალ პროექტებს, რომლითაც გათავისუფლების შემდგომ პატიმრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მხარდაჭერა ხდება. საბჭოს მუშაობით სამინისტროსა და საზოგადოებას შორის პარტნიორობა ვითარდება, რომელიც ხელს უწყობს საერთო წარმატებას“, – განაცხადა ენტონი სტრეველერმა.

საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა, მინისტრის სათათბირო ორგანოა. იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 42 წარმომადგენელი და ექსპერტი შედის. საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა
შემდეგი სტატიაარამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება