სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელძღვანელის თანამდებობაზე ზვიად მიხანაშვილი დანიშნა.

ახალი პოსტის დაკავებამდე ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მინისტრის განცხადებით კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ზვიად მიხანაშვილის კვალიფიციურობა გახდა. კახა კახიშვილის თქმით, მიხანაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ზვიად მიხანაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას.

„აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გავაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დაწესებულებებში არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და პატიმრების საზოგადოებაში ჯანსაღ დაბრუნებას“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ზვიად მიხანაშვილს დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომდე ზვიად მიხანაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. იგი ასევე სხვადასხვა წლებში ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და ასევე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3959 ლარია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:”რუსთავი 2–ის დროებით მმართველად დაინიშნა რევაზ საყევარიშვილი”