სასამართლომ ზუგდიდის #72-ე საარჩევნო უბნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის #72-ე საარჩევნო უბნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილებით, სასამართლომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ #72-ე უბანზე საარჩევნო ყუთში მოთავსებულ 35 კონვერტში, ბიულეტენებთან ერთად, ამომრჩეველთა ბარათებიც აღმოჩნდა, რითაც ამომრჩევლის ფარულობის დაცვასთან დაკავშირებით, უმთავრესი საარჩევნო პრინციპი დაირღვა. საქმე ეხება სოფელ ჩხორიის, ზედაეწერის უბანს.

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პოზიცია მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ არ გაიზირა.

სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ „უბანზე ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, რამდენადაც უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომელთა შესახებ მონაცემები აღმოჩნდა კონვერტში და განხილვით არ დასტურდება ამომრჩევლების თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მესამე პირიების მხრიდან ჩარევის ფაქტი“.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მარიამ ყუბანეიშვილმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას #72-ე უბნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელით 30 ოქტომბერს მიმართა. მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი პირველ ნოემბერს ეთქვა.

საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ კონვერტებში ბიულეტინებთან ერთად მოთავსებული ბარათები ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ამით ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: სუვერენიტეტის გარეშე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია
შემდეგი სტატიასაპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების ვინაობა შესალოა ხვალ გახდეს ცნობილი