სასამართლომ მცხეთის ყოფილ გამგებელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს, მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად საკუთრების უფლების მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და იმ მოტივით შექმნა, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დაკავებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცნობები დაამზადებინა.

„ვახტანგ ყიფშიძემ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონო დავალება მისცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საკუთრების უფლებები ეღიარებინათ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2008 წლის მარტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების 28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება.

ვახტანგ ყიფშიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავერცელებულ განცხადებაში.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე წარდგენილ ბრალდებებში სრულად სცნო დამნაშავედ და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამი წლის ვადით.

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
შემდეგი სტატიათანხების არამიზნობრივი ხარჯვა სახელმწიფოსა და პაციენტის ხარჯზე – სერგეენკო კლინიკებს ტყუილსა და მანიპულირებაში ამხელს