სასამართლო “ციანიდის საქმის” წინასასამართლო სხდომის დახურვის მიზეზებს განმარტავს

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და წინასასამართლო სხდომის დახურვის მიზეზებს განმარტავს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით, სრულად დაიხურა წინასასამართლო სხდომა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე.

საქმის მასალების თანახმად, პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ რელიგიური მოტივით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ პროცესის მონაწილეებს სხდომის საჯაროდ წარმართვის შემთხვევაში.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გააჩნია სხვადასხვა საპროცესო უფლება, მათ შორის სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და აბსოლუტური, თუკი აღნიშნული იწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფას“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა გაგრის რაიონში-დაღუპულია 13 წლის გოგონა