სარეკლამო sms-ის გაგზავნისთვის შესაძლოა კანონი გამკაცრდეს

პირდაპირი მარკეტინგისგან (სარეკლამო სმს-ბი) მოქალაქეთა დასაცავად შესაძლოა დღის წესრიგში კანონმდებლობის გამკაცრება დადგეს – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში წერია.საუბარია სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.

მართალია 2017 წელს დარღვევების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ანგარიშის თანახმად პრობლემა კვლავ აქტუალურია. პირდაპირი მარკეტინგის გამოყენებით პერსონალური მონაცემების დარღვევა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა.

„მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების 29 შემთხვევა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა გამოვლინდა და ორგანიზაციებს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრათ“, – წერია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს აქტუალური იყო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებების საკითხიც:

„გასულ წელს ერთ-ერთი შუამავალი კომპანიის მეშვეობით ამომრჩევლებს შეტყობინებები საარჩევნო სუბიექტმაც გაუგზავნა. მართალია, გამგზავნს მონაცემებზე უშუალო წვდომა არ ჰქონია და შეტყობინებები შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ უარის თქმის მექანიზმს, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილში მათი მონაცემების მოპოვების კანონიერებაზე ეჭვები გააჩინა“, – წერია ანგარიშში.

2017 წელს, სარეკლამო სმს-ები საქართველოში საზღვარგარეთიდანაც იგზავნებოდა.

„მოქალაქეთა უფლებების დასაცავად შესაძლოა, დღის წესრიგში არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაც დადგეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში„ყველაფერი ძალაშია“ – ნანი ბრეგვაძეს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი არ გაუუქმებია
შემდეგი სტატია“ოპერატორმა დაუშვა შეცდომა” – „საძელეს“ საბაგიროზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები