როგორ ითვლის ,,საქსტატი,, უმუშევრობის დონეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაშა მესხია, ,,საქსტატის,, მიერ უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონცემებზე და მათი დათვლის სისტემაზე კომენტარს აკეთებს…
,,როგორ იანგარიშება უმუშევრობის დონე საქსტატის მიერ: დღეს გამოქვეყნდა დასაქმების დონე, რაც ბევრს არ ჯერა. ფაქტობრივად გამოქვეყნებული მონაცემები სწორია ამ მედოდოლოგიის თანახმად. გთხოვთ ვისაც გაინტერესებთ წაიკითხოთ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მეთოდოლოგიის მიხედვით. ეკონომიკურად აქტიური – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება (დასაქმებული და უმუშევარი პირები). დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. დაქირავებული – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე, პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო. თვითდასაქმებული – მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში, მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. ეკონომიკურად არააქტიური – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში. აგრეთვე პირი, რომელიც ეძებდა სამუშაობს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. უმუშევრობის დონე – უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შესაძლოა ისინი ეძებდნენ დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს ის დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს. თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციას იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე გასაყიდად. შედარებისთვის მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, რომ ადამიანი მუშაობს რომელიმე საწარმოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ მას დიდი სამუშაო დატვირთვა არ აქვს, ან საწარმოს ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, შესაძლებელია დასაქმებულის თვიური შემოსავალი დაქირავებული შრომიდან შეადგენდეს 50 ან 100 ლარს. მიუხედავად ხელფასის მცირე ოდენობისა, ბუნებრივია რომ ეს ადამიანი დასაქმებულია. შესაძლოა, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფლად, არ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კერძო ან იურიდიულ პირთან და შესაბამისად არ ითვლება არავის მიერ დაქირავებულად, ჰყავდეს საქონელი, ყიდდეს რძეს, ყველს და ა.შ. და თვეში ჰქონდეს 200 ლარი შემოსავალი. აღნიშნული პიროვნება განიხილება დასაქმებულად, ისევე როგორც დაქირავებით დასაქმებული პირი. შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად დასაქმებულად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, საქმიანობის ტიპისა და ხანგრძლივობისა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და შესაბამისად, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად დასაქმებულად ითვლებიან,, აცხადებს იაშა მესხია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და სამეგრელოს ნაკრებები მინი-ფეხბურთში
შემდეგი სტატიაახლა ვისი დროა?!