საქართველოში ოკუპაციის ხანა დასრულდა და იწყება ანექსია – სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთები რუსეთის სამხედრო შენაერთებთან ერთიანდება. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივი კონსულტაციებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ერთიანი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რადგან მისი თქმით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის საკითხი მივიწყებას ეძლევა. სამადაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და სწრაფი რეაგირების საჭიროებაზე საუბრობს:

“საქართველოში ოკუპაციის ხანა დასრულდა და იწყება ღია და აშკარა ანექსია ჩვენი ტერიტორიების, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას აცხადებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ ამ ყველაფერზე ვერ ცემს ქმედით პასუხს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შეფასება მისცენ მათ რუსეთის ქმედებებს, ვფიქრობთ, დროა რუსეთის აგრესიას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დაუპირისპირდეს ქართული საზოგადოება, დაუპირისპირდეს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. სწორედ ამიტომ დღეს ენმ მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დავიწყოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ ჩვენ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.” განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით“- კახიძე
შემდეგი სტატიანარმანიასთვის ცა ბიძინა ივანიშვილის სილუეტით შემოიფარგლება- გრიგალაშვილი