“საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც უნდა აღდგეს”

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ქართული მხარე მიესალმება ეუთო-სთან უფრო ახლო ურთიერთობას საქართველოში და ამ მხრივ შესაძლოა სხვადასხვა მიმართულება იყოს განხილული. საუბარი შეეხო ასევე, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც გიუნტერ ბეხლერის მანდატი, ძირითადად, საქართველოსთანაა დაკავშირებული. მან თავდაცვის მინისტრს აღნიშნული ფორმატის ფუნქციონირებაზე უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა და საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირების აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„2008 წლის ომის შემდეგ ეუთო-ს ჩვენ ქვეყანაში ოფისი აღარ აქვს და მათი საქმიანობაც შეზღუდულია. გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა ვენაში ეუთო-ს გენერალურ მდივანს შევხვედროდი; ასევე ბევრი შეხვედრა გავმართე ბევრ კონკრეტულ თემაზე, მიმართულებაზე, შესაძლებლობაზე. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობებით როგორ მოვახერხოთ, რომ საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც აღდგეს. ბატონ ბეხლერთან დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ. ის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, მისი მანდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეა, ეუთო თანათავმჯდომარეა, დიდწილად სწორედ საქართველოსთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია მის მანდატში. ეს იყო ერთგვარი კონტაქტის გახსენება-შეხვედრა, სადაც გავცვალეთ აზრები, თუ როგორ შეიძლება ვითანამშორმლოთ უფრო ინტენსიურად იმისათვის, რომ შედეგები უფრო მყისიერი იყოს,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ როგორც გიუნტერ ბეხლერმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრთან შეთანხმდა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს არცერთი მხარე, რათა რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს.

„ეუთო-ს სპეციალური დესპანის რანგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად ვესტუმრე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფერო, ძირითადად, სამხრეთ კავკასიის საკითხებით, საქართველოსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით შემოიფარგლება. შეხვედრაზე ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეუთო-ს მუშაობაზე რეგიონსა და საქართველოში. თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც მან ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა. ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ. ასევე გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შევთანხმდით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს“, – აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.

banner
წინა სტატიაში“სოციალური აფეთქების ზღვარზეც კი შეიძლება მივიდეთ,”-უჩა ნანუაშვილი მეშახტეების პროტესტზე საუბრობს
შემდეგი სტატია(video)ტყიბულში ვითარება უცვლელია, მეშახტეთა პროტესტი გრძელდება