საქართველოში ამ დროისთვის, ლაბორატორიულად გრიპის 46 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის, გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს, A ტიპის H3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაც.

მისი განმარტებით, A ტიპის H3 ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძლიერი გართულებებით არ გამოირჩევა, როგორც H1N1.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია.

რაც შეეხება ქვეყანაში ავადობის გავრცელების მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს.

”მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი სხვადასხვა წელს სხვადასხვა არის, მაგრამ ძირითადად, ის 100 000 მოსახლეზე 500-სა და 600-ს შორის მერყეობს, ანუ ჩვენ დღეისთვის სადღაც, ეპიდემიური ზღვარის ნახევარზე ვართ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, რთული შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის, თუმცა საერთო ჰოსპიტალიზაციაში გრიპისა და გრიპის გართულებებით გამოწვეული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის წილი, დაახლოებით 16%-ია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისიაში უნდა იმუშაოს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლებისთვის ტრეინინგი ჩატარდა