საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა, ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კი რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო, შეფერხებით მუშაობს
შემდეგი სტატიაგომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია